ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის, რომ ახალციხე იქნა შერჩეული სამიზნედ, არ არის შემთხვევითი” – ზაალ ანჯაფარიძე

“რუსეთი აგრძელებს საქართველოში რბილი ძალის გამოყენებას და ამ რბილ ძალას სხვადასხვა ფორმა და გამოვლინება აქვს”, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახალციხეში პრორუსული ორგანიზაციის დაარსებას, რომლის პრეზეტაციასაც უშუალოდ პუტინთან დაახლოებული პერსონა, ვლადიმერ ხომერიკი დაესწრო.

ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს მძლავრი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ანტიდასავლურ და ევროსკეპტიკურ ნარატივს გაანეიტრალებს და ამასთან, კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება.

“მეტრონომის” შეკითხვაზე, ახერხებს თუ არა ხელისუფლება რუსეთის საინფორმაციო ომთან გამკლავებას, ანჯაფრიძე პასუხობს, რომ მთავრობის მიერ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები “აშკარად არ არის საკმარისი”, რადგან მათი უმრავლესობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

“ის, რომ ახალციხე იქნა შერჩეული სამიზნედ, ეს არ არის შემთხვევითი. სოციოლოგიური გამოკითხვები, რაც კი ჩატარებულა, აჩვენებს, რომ სწორედ ეთნიკური უმცირესობებში, რომლებიც არ არიან კარგად ინტეგრირებულნი ჩვენს ქვეყანაში და არ იციან სახელმწიფო ენა, ჭარბობს ანტიდასავლური და ევროსკეპტიკური განწყობები და იქ არის გამოხატული სიმპათიები რუსეთისა და მასთან დაახლოებასთან მიმართებაში. ასე რომ, შემთხვევით ეს რეგიონი არ შერჩეულა.

ახალციხეში მომხდარი ამბავი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი კონკურენციის გამოვლინება დასავლეთსა და რუსეთს შორის იმისთვის, რომ მოიგონ საქართველოს მოქალაქეების გონება და გული, თუ შეიძლება ასე ითქვას იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ასევე, რომ დასავლური დონორების პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ადამიანები დადიან იგივე რეგიონებში და ხვალ, ზეგ შეიძლება ისინი ჩავიდნენ ახალციხეში და ისინი მოუყვნენ იქ მცხოვრებლებს იმას, თუ რა კარგია ევროპა და რა ცუდია რუსეთი. მიდის ასეთი კონკურენცია და ვინც გაიმარჯვებს, ალბათ, იმის მხარეს იქნება მოსახლეობის კეთილგანწყობა.

საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გააძლიეროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია. ადამიანები, იგივე ხომერიკი და სხვები, რომლებიც იქ ჩადიან, არ არღვევენ კანონს და მათ ვერავინ აუკრძალავს, შეხვდნენ მოსახლეობას და ესაუბრონ. თუ მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივი იქნება, ასეთ შემთხვევაში მიიღებს სახელმწიფო შესაბამის ზომებს, მაგრამ მათ ეს ყველაფერი კარგად იციან. ანუ სახელმწიფოს რაც შეუძლია რომ ამას დაუპირისპიროს, ეს არის ადამიანზე მორგებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია და რა თქმა უნდა, კამპანია ფორმალური არ უნდა იყოს იმისთვის, რომ უპირატესობა იყოს მოპოვებული მეორე მხარეზე. რამდენად ახერხებს სახელმწიფო ამას, მე ვერ გეტყვით. იდგმევა რაღაც ნაბიჯები, მაგრამ არ არის საკმარისი. რაც მთავარია, ეს ნაბიჯები არის ფორმალური და არ არის კრეატიული და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და მისი საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს ისეთი, რომ ეს ევროსკეპტიკური და ანტიდასავლური ნარავიტი გაანეიტრალოს. ეს ეხება ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ამ კუთხით მისიონერების როლს ასრულებენ. ასევე მნიშვნელოვანია, ვინ გელაპარაკება – ვინ არის სპიკერის როლში. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ასევე უნდა შეფასდეს, აქამდე ჩატარებულმა კამპანიამ რატომ ვერ გამოიღო შედეგი”, – უთხრა “მეტრონომს” ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის აზრით, საინფორმაციო კამპანია უნდა მოიცავდეს ევროპულ პროპაგანდასა და არც ერთ შემთხვევაში – ანტირუსულს, რადგან ანტირუსულმა პროპაგანდამ, როგორც ამას ანჯაფარიძე ამბობს, უკუშედეგი შეიძლება აჩვენოს.

“არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს ანტირუსული იმიტომ, რომ აღნიშნულმა, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს. ეს უნდა იყოს ძალიან გამართული, მშვიდი, ზომიერი კამპანია, რომელიც მოსახლეობას დაანახებს ალტერნატივას და მარტივად, რომ ვთქვათ, მისცემს მოსახლეობას არჩევანის საშუალებას.

ის ნაბიჯები, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს რუსეთის მიმართ, შესაძლოა, საზოგადოებაში არაპოპულარულად ჩანდეს და ეს ასეც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ არის გამოწვეული კარგი ცხოვრებით და მე ვიტყოდი, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯები მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში არ მოხდეს მორიგი დესტაბილიზაცია, რუსეთმა არ გადაწყვიტოს მორიგი იმაზე უფრო მასშტაბური ქმედებების განხორციელება, ვიდრე ახლა აკეთებს”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

შეკითხვაზე, საქართველოს მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილი ინფორმაციას ძირითადად კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებით იღებს და შესაბამისად, რუსული პროპაგანდის “მსხვერპლია”, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა ქართული მედიასივრცე მოსახლეობის ამ ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებას რუსულ ენაზე, ანჯაფარიძე პასუხობს:

“ეს ნამდვილად არის პრობლემა. რუსულენოვანი გადაცემების წილი ქართულ მედიასივრცეში ძალიან მცირეა და შემოიფარგლება მხოლოდ ახალი ამბებით. თუ ადამიანს ქართული ენა არ ესმის, ის ინფორმაციას იღებს ან მშობლიურ ან რუსულ ენაზე. ესეც სახელმწიფოს პრობლემაა იმიტომ, რომ რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და ვერც ერთმა ვერ მოახერხა ის, რომ ამ ადამიანებისთვის სახელმწიფო ენის სწავლა გამხდარიყო აუცილებელი”.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ორგანიზაცია -,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე” დაარსდა. შეხვედრას, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, მოქალაქეებთან ერთად, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი ვლადიმერ ხომერიკიც ესწრებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიზანი ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

 

 

 

 

 

იტვირთბა....