ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არის თუ არა აშშ-ს საზღვაო ხომალდის ბათუმში შემოსვლა გამაფრთხილებელი სიგნალი თურქეთისთვის” – ექსპერტი “მეტრონომთან”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც თურქეთ-სირიის კონფლიქტის გამო, აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა და როცა ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს, ამერიკის მხრიდან, თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლო მზაობა, აშშ-ს საზღვაო ხომალდის – USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურში შემოსვლა, შესაძლოა, თურქეთისთვის გამაფრთხილებელი სიგნალიც კი იყოს.

მისი თქმით, სცენარის იმგვარად განვითარება, რომ ნატო-ს ერთმა წევრმა ქვეყანამ ნატოს წევრ მეორე ქვეყანასთან საომარი მოქმედება დაიწყოს, ნაკლებად სავარაუდოა მაშინ, როცა როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რესურსი არ ამოწურულა.

აქედან გამომდინარე, ზაალ ანჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ის უმაღლესი პირების განცხადებები და შავ ზღვაში ამერიკული ხომალდის გამოჩენა, თურქეთზე ზემოქმედების მოხდენას ემსახურება.

“ეს შეიძლება იყოს ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი თურქეთისთვის, მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ ეს რაღაც იმის მომასწავებელი იყოს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მოხდეს თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელება. მე არც ის მგონია, რომ აშშ, რომელიც არის ნატო-ს წევრი, დაუპირისპირდეს ნატო-ს მეორე წევრს – თურქეთს. ფაქტობრივად, რა გამოდის? – ნატო-ს ორი წევრი სახელმწიფო ერთმანეთს ეომება? ეს იქნებოდა ალიანსის რღვევის წინაპირობა. ალიანსის წესდებაში არც ის არის გაწერილი მკაფიოდ თუ რა მოხდება როდესაც ერთი წევრი მეორის წინააღმდეგ საომარ მოქმედებას იწყებს. ვფიქრობ, რომ მაიკ პომპეოს ეს განცხადება თურქეთზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გაკეთდა. მიმაჩნია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის  მოლაპარაკებების რესურსი ამოწურული არ არის. ეს თუ მოხდა და აშშ-თურქეთს შორის დაიწყო საომარი მოქმედება, ეს ძალიან სერიოზულად შეარყევს მთლიანად უსაფრთხოების არქიტექტურას რეგიონში, თავად ნატო-ს მდგრადობას და შესაძლოა არსებობასაც კი დააყენებს ეჭვის ქვეშ”, – განუცხადა “მეტრონომს” ზაალ ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას 5 დღით შეწყვეტს.

შეთანხმების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა, აშშ მზად იქნება, თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.

რაც შეეხება შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის გამოჩენას, USS Porter (DDG 78) ბათუმის პორტში დღეს შემოვიდა. USS Porter (DDG 78)Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია, რომელსაც წყალქვეშა ნავებისა და ბალისტიკური რაკეტების მოგერიების ტექნიკური მონაცემი გააჩნია.

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....