საქართველოში კრემლის პროპაგანდისტული მანქანა უფრო დიდი სიმძლავრით ამუშავდა. ეძებს და პოულობს თუ არა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მძლავრი საინფორმაციო ომის საწარმოებლად საქართველოში დამატებით სივრცეებს? როგორია ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები ამ მიმართულებით და რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ჰიბრიდული ომი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნისთვის. მითუმეტეს, პროპაგანდისტული მანქანის მძლავრად ამოქმედების კარგი მაგალითი ახლახანს, ახალციხეში პრორუსული ორგანიზაციის დაარსება იყო, რომლის პრეზეტაციასაც უშუალოდ პუტინთან დაახლოებული პერსონაც კი დაესწრო. ამ საკითხთან დაკაშირებით, “მეტრონომი” ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
“მეტრონომი”: ახალციხეში დაფუძნდა ორგანიზაცია, სახელწოდებით – “სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი ვლადიმერ ხომერიკი. ორგანიზაციის გაცხადებული მიზანია, კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთმა ცარიელი ადგილი იპოვა საიმისოდ, რომ აწარმოოს დამატებით მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოში საქართველოსვე წინააღმდეგ? თუ ეს ასეა, რას უპირისპირებას ამას ხელისუფლება?
თორნიკე შარაშენიძე: კი ასეა ნამდვილად. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას. მე დიდი ხანია, მართალი გითხრათ, არ შემიმჩნევია სერიოზული აქტიურობა მთავრობის მხრიდან. აქტიურობა თუ არის, ამით ძირითადად არასამთავრობოები არიან დაკავებულები და არასამთავრობოებს შეზღუდული აქვთ რესურსი და წვდომა და მათი დიდი ნაწილი მოწყვეტილია რეალობას, იმაში, თუ რითი ცხოვრობს ხალხი, რა უჭირს ხალხს იგივე ახალციხეში. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის.
– საქართველოს მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილი ინფორმაციას ძირითადად კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებით იღებს და შესაბამისად, რუსული პროპაგანდის “მსხვერპლია”, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა ქართული მედიასივრცე მოსახლეობის ამ ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებას რუსულ ენაზე?
– რუსულ ენაზე რომც შევთავაზოთ ახალი ამბები რუსულენოვან მოსახლეობას, პროფესიონალიზმის დონიდან გამომდინარე, ძნელია კონკურენცია გაუწიონ რუსულენოვან მედიას, რადგან მაღალპროფესიონალურია და დაკავებულია თავისი პროპაგანდით. ეს ერთი და მეორე – იყო რუსულენოვანი არხი “პიკი”, რომელიც ამ მთავრობამ დახურა, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, შევხედოთ სიტუაციას – როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს აღიზიანებდა რუსეთს და ამიტომაც მოიქცა ასე.
– საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს?
– კი, ნაწილობრივ ასე გამოდის, ნამდვილად. პირველ რიგში იმით, რომ ასუსტებს ძალიან საქართველოს ინსტიტუტებსა და უსაფრთხოების სექტორს. მე ვხედავ რაღაც რაციონალურ მარცვალს რუსეთთან პოლიტიკასა და მათთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობაში, ეს ჭკვიანურია, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც შიგნიდან სუსტდება, ეს საბოლოო ჯამში, უწყობს ხელს რუსეთს. ქვეყანა ფაქტია, რომ სუსტდება.
– გრძელვადიან პერსპექტივაში, რას უქადის ეს საქართველოს?
– მარტივად გითხრათ, კარგს არაფერს, სამწუხაროდ.