ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში ადამიანების მოწამვლა, სავარაუდოდ, გაზსადენების დაზიანებამ გამოიწვია – 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

გლდანში გაზსადენების დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეეზღუდა. როგორც “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.

“გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება.  შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები.

უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა.  საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა.

ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება”, – ნათქვამია “თბილისი ენეჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის გამო 5 ადამიანი მოიწამლა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

იტვირთბა....