ლენტეხში, შადრევანზე ქართული მითოლოგიის პერსონაჟის – ნადირობის ქალღემრთ დალის ქანდაკება აღარ დადგეს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლენტეხი-ცაგერის მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგობა გადა.
„ადამიანმა ისწავლა, როგორ გადააბიჯოს სინდისს და გონების ბოროტად გამოყენებით ატყუებს თავის თავს, ცრუ ღმერთებით და მათთან დაკავშირებული ზღაპრების – ანუ მითების გამოგონებით. მივმართავ ყველას, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და ამავე დროს მხარს უჭერს ლენტეხის ცენტრში დალის კერპის აღმართვის იდეას. დალი, ეს არის მითოლოგიური პერსონაჟი მზეთუნახავის გარეგონობის, ულამაზესი საბედისწერო ქალი. ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის ფორმით. იგი, მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და ექნება სექსუალური კონტაქტი, ეხმარება ნადირობაში. მონადირე ამ საიდუმლოს ინახავს და პირობის დარღვევის შემთხვევაში იღუპება“, – ვითხულობთ წერილში, რომლის მიტროპოლიტმა სტეფანემ ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ზაფხულში მიწერა.
მეუფე “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ამბობდა, რომ ქანდაკების შესახებ მან მრევლისგან შეიტყო და როგორც ქრისტიანი, თავს ვალდებულად თვლიდა საზოგადოება გაეფრთხილებინა.
„სამუშაოები რომ დაიწყო, მრევლი მოვიდა აღშფოთებული და მითხრეს ეს ამბავი. მე ვაფრთხილებ ყველა ქრისტიანს, რომ ეს არის კერპი, მაქცია და მისი დადგმა არ შეიძლება. არ შეიძლება ჩვენ გამოვიგონოთ ღმერთი. კერპები წარმოაჩენენ სიძვას, მრუშობას და უამრავ მანკიერებას, ამიტომ, ვინც გულგრილად შეხედავს ამ საკითხს, უნდა იცოდეს, რომ ესეც ცოდვაა. თუ ჯერ კიდევ არის ვინმე ადგილობრივ ხელისუფლებაში, რომელიც ასე არ ფიქრობს, დროა მოინანიოს“, – ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.
როგორც ლენტეხის მერნა, ბადრი ლიპარტელიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ქანდაკების საბოლოო ესკიზი უფრო მოეწონათ და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს, თუმცა ადასტურებს, რომ მიტროპოლიტის აზრიც გაითვალისწინეს:
“ასე უკეთესი პროექტი გამოგვივიდა და ასე დავაკორექტირეთ. უფრო ლამაზი ასე გამოდიოდა, მაშინ შადრევანი არ გამოდიოდა კარგად. შევარჩიეთ, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და გავაკეთეთ ისეც. მეუფე სტეფანეს რომ არ მოსწონდა, იმიტომ არ მომხდარა, ჩვენ აუცილებლად შადრევანი გვინდოდა. დალი რომ დამონტაჟებულიყო, ასეთი ლამაზი არ გამოდიოდა. მეუფეს აზრიც გავიზიარეთ, არ შეიძლება, მეუფეს აზრი რომ არ გავითვალისწინოთ, ყველანი ქრისტიანები ვართ. მაინცდამაინც ვინმეს კაპრიზი რომ ყოფილიყო, ასე არ მომხდარა “, – ამბობს ლენტეხის მერი.
შადრევანი, საბოლოოდ, ასეთია –