თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 ივნისს, ქ.თბილისში, ქურდობისთვის ნასამართლევი გ.დ. ავჭალის გზატკეცილზე მდებარე სადღეღამისო აფთიაქში მივიდა და დანის დემონსტრირებით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფარმაცევტს აფთიაქის თანხა – 125 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებმა გ.დ. 2019 წლის 1 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით და არაერთგზის) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.