ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძემ გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც დროებით სასტუმრო „შაინში“ დაბინავდნენ.

16-სართულიანი კორპუსის აფეთქების გამო, 77 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა.

როგორც სასტუმროში მისულმა კახა კალაძე აღნიშნა, თბილისის მერია დაზარალებული მოქალაქეების გვერდითაა და მზადაა, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

„ამ დროისთვის, დაზარალებულები სასტუმროებში გადაგვყავს, დროებითი თავშესაფრით ვაკმაყოფილებთ. ამის პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამსახურები შევლენ კორპუსში და დაიწყებენ დასუფთავებას, მოწესრიგებას და აღდგენის სამუშაოებს. ველოდებით მუნიციპალური ლაბორატორიის და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, თუ რომელია ის კონკრეტული ადგილები, სადაც შესვლა შესაძლებელია და საფრთხე არ არსებობს და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობის დაბრუნებას საკუთარ ბინებში. დედაქალაქის მერია, რაიონის გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ ოჯახებს მიყენებული ზიანის აღდგენაში დაეხმაროს. ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალური იქნება, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ყოფილა. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ კორპუსი სარეაბილიტაციო იქნება, დავიწყებთ მის რეაბილიტაციას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნულ სასტუმროში, დაახლოებით, 15 ოჯახია გადაყვანილი. რაც შეეხება დაზარალებულებს, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში გადიან, კახა კალაძემ მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

„ოჯახების რაოდენობა იზრდება. თავიდან ყველას არ ჰქონდა სურვილი სასტუმროში გადასვლის. ზოგი ახლობელთან წავიდა, ზოგი – ნათესავთან. ამ დროისთვის, ამ სასტუმროში, დაახლოებით, 15 ოჯახია. ასევე, სხვადასხვა სასტუმროში ვანაწილებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მათ, რომ პრობლემა არ შეექმნათ. ასევე, გვყავს დაზარალებულები, რომლებიც მკურნალობას გადიან და მათ მალე გამოჯანმრთელდება მინდა ვუსურვო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მიმართა, რომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ჩვენ ყველას დიდი ყურადღება გვმართებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ და „თბილისი ენერჯიმ“ დაიწყო გამკაცრებული მიდგომები, შემოწმებები. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც მათ კარს არ უღებენ, სახლში შესვლისა და შემოწმების საშუალებას არ აძლევენ. არადა ეს ყველაფერი ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის კეთდება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ერთი შეცდომით შეიძლება ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედუროს. ამიტომ, რიგით მოქალაქეებს გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება. კომპანიები, ვისი პასუხისმგებლობაც არის შემოწმება, მონიტორინგს აუცილებლად გააგრძელებენ. როგორც გვეუბნებიან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დაყენებული, რაზეც ჰქონდა ოჯახს მიღებული გაფრთხილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, სასტუმროში იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები – მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე ხუჯაძე.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაშავდა ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ამ დროის მონაცემებით, 120 დაზარალებული სამ სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული. თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვისაც ამის საჭიროება და სურვილი ექნება, სასტუმროში დააბინავებს და მათ ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს.

იტვირთბა....