ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პროცესი, რაც ოკუპაციის შემდგომ გაგრძელდა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა” – სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ატოცში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ  პროცესი, რაც ოკუპაციის შემდგომ გაგრძელდა, არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა

„ოკუპანტები, სამწუხაროდ, აგრძელებენ აბსოლუტურად მიუღებელ და პროვოკაციულ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი და ძირითადი იარაღი, ეს არის მტკიცე პოზიცია და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მიდგომა. ყველა გმობს ამ აბსოლუტურად მიუღებელ პოზიციას და პროცესს. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩართულია და ვცდილობთ, ძალიან რთულ პროცესში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ დააზიანებს სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენს მოსახლეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე, რას უპასუხებს ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლება რუსეთთან „არგაღიზიანების პოლიტიკას“ ატარებს, უპასუხა, რომ ეს შეფასება პოლიტიკურად არასწორად ეჩვენება.

„როცა ოპოზიცია საუბრობს რაიმე სახის გაღიზიანებაზე, მე მგონი, პირველ რიგში, პოლიტიკურად არასწორი შეფასებაა. სამწუხაროდ, ჩვენ, მათ შორის წინა ხელისუფლების აბსოლუტურად გაუმართლებული პოლიტიკის გამო ვართ დღეს ოკუპაციის პირობებში – მათ შორის, თავისთავად ცხადია, რომ ოკუპანტი რუსეთია. მაგრამ ის პროცესი, რაც ოკუპაციის შემდგომ გაგრძელდა, არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. ჩვენ არჩევანი გვაქვს, ან ომით უნდა დავუპირისპირდეთ, ან საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით გავატაროთ მშვიდობიანი, დეოკუპაციის პოლიტიკა, რასაც ვაკეთებთ, რასაც მიესალმებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, იგივე აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ნატოს წევრი ქვეყნები და ცივილიზებული სამყარო. ვითარება არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მაქსიმუმს და ამას მე მგონი, ყველა აღიარებს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

იტვირთბა....