საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დაფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ამაში სახალხო დამცველი ჩავრთოთ. ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენი იურისტები სქემას მოიფიქრებენ. პირველ რიგში, მედიას მინდა ვთხოვო, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რათა პროცესი გამჭვირვალე იყოს. არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ იმ აბსურდული ბრალდების მიმართულებით, რომელსაც ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში გვიყენებენ. ამ ქვეყანაში ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, ნათელი და ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ყველა ექსპერტული დასკვნა უკვე თბილისშია. დიდი დრო დასჭირდა იმის გამო, იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ურთულესი ექსპერტიზა ჩატარდა. ეს ყველაფერი გადაეცემა პროკურატურას, დღეს, საათსა და ადგილს ჩვენი ადვოკატები მოგახსენებენ“, – უთხრა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძეს „წერილის“ ორიგინალი არ წარმოუდგენია.