თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს, თამარ ლუკავას სატელევიზიო დებატებს კიდევ ერთხელ სთავაზობს.
როგორც კუბლაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, პირველი ამგვარი შეთავაზების შემდეგ, ოპონენტი მხარისგან ცინიკური პასუხი მიიღო და იმ ფონზე, როდესაც როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის რეპუტაცია შელახულია სწორედ დაზარალებულის მხარის განცხადებების მიერ, ისინი ვალდებულები არიან, დასხდნენ მასთან ერთად ღია ეთერში და ისაუბრონ.
“პირველ შეთავაზებაზე მივიღე ცინიკური პასუხი – “ეს პროცესი რაღაც პოლიტიკურს დაემსგავა და სასამართლოში განვაგრძოთო”. მე მაპატიეთ, თავიდან რატომ არ მიმართეს სასამართლოს?” – ამბობს კუბლაშვილი და განაგრძობს:
“პირველივე დღეს, როგორც კი გადავწყვიტე ამ ადამიანის დაცვა, ვიდრე ამაზე განცხადებას გავაკეთებდი, იმ დღესვე წამოვიდა საშინელი აგრესია. იყო სათაურები – “მოძალადის დამცველი ქალი – სამარცხვინო ქალი”. ეს აგრესია და ეს სიბინძურე, რომლის ფერხულშიც მე ჩავები, წამოწყებულია თავად დაზარალებული მხარის მიერ. მათ უწყვეტ რეჟიმში წარმოგვიდგინეს რამდენიმე დღე სხვადასხვა ეთერებით სხვადასხვა კომენტარები, იყო ცრემლმორეული სახე, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გამოსახულებით პლაკატები ძირს დაგდეს, ზედ იხტუნავეს, ყველაფერი იკადრეს და ამ სიბინძურეში მე იძულებით ჩავერთე.
დღეს, მე მათ ვიწვევ – დავსხდეთ ღია ეთერში, საზოგადოებას ვესაუბროთ, ხალხს გავაგებინოთ სიმართლე. ჩემი კლიენტის რეპუტაცია არის შელახული ხალხში, იმ ხალხში, ვინც მისი ამომრჩეველია. საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მისთვის. მას სურს, რომ ყველაფერი იყოს ღია და საჯარო. ეს სიბინძურე ჩვენ არ წამოგვიწყია, მათ წამოიწყეს და მე ამავე მეთოდით დავიწყე მათთან საუბარი. ამ სიბინძურეში შევედი და ასე ვთქვათ, ბრძოლა წესების გარეშე გამომივიდა. რატომ გამირბიან? რატომ დამალეს მსხვერპლი? თუ მე ვარ ამდაგვარად გასაკრიტიკებელი, ცუდი, დიახ, მივიღე, ნაწილობრივ დავიმსახურე-არ დავიმსახურე, მაგრამ მოცემულობა ხომ ერთია – მე ამ ადამიანებს ვთავაზობ იმ ეთერში მისვლას, საიდანაც დაიწყეს დისკრედიტაცია და უკიდურესად ზიანი მიაყენეს ჩემი კლიენტის რეპუტაციას. დავსხდეთ – მე მარტო მივალ, თავად მოვიდნენ წარმომადგენლები, ადვოკატი და ჩემს რამდენიმე კითხვას უპასუხონ. ერიდებათ? დღეს გახდა პოლიტიკური ეს ამბავი, როდესაც მე მოვისურვე?
მოვითხოვ კიდევ ერთხელ, მივმართავ ნიკა გვარამიას, გთხოვთ გაავრცელოთ – მიმიწვიოს ეთერში, მინდა საუბარი და მოიწვიოს ოპონენტი მხარე. მე ვიქნები მარტო, მობრძანდეს ეს ადამიანი, რომელმაც თავიდან დაიწყო ცილისწამება და ბოლოს აქციებს მართავდნენ, პლაკატები ჰქონდათ ძირს დაყრილი და ზედ ხტუნაობდნენ და ეს ხალხი მელაპარაკება მე დღეს რომ მოდი, გადავინაცვლოთ სასამართლოში. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ეშინიათ.
ნუ ეცდებიან იმის მინიშნებებს, რომ წამოდი ახლა სასამართლოში. ბუნებრივია, სასამართლო იქნება, სასამართლომდე ორი თვეა. მანამდე ჩემი კლიენტისა და ჩემი რეპუტაცია შელახულია საზოგადოების თვალში. ვალდებულები არიან, ამავე საზოგადოების თვალშიც და ის, რომ უთანასწორო ბრძოლა არ წავიდეს და ცალკეული მედიასაშუალებები ცალკე რომ იწვევენ და ცალკე რომ ალაპარაკებენ, თუნდაც ბ-ნი ნიკა. თუ მას გააჩნია მცირეოდენი სამართლიანობის განცდა და როგორც კვალიფიციური იურისტი მიიჩნევს, რომ ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს და მისცეს საუბრის საშუალება – მიმიწვიოს, მინდა საუბარი და მოიყვანოს დაზარალებულიც”, – უთხრა “მეტრონომს” მარიამ კუბლაშვილმა.
ჯიშკარიანის ადვოკატმა თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი 14 ოქტომბერს გამოიწვია სატელევიზიო დებატებში, რაზეც უარი მიიღო.