ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მარიამ კუბლაშვილი “პრაიმტაიმს” ქარტიაში უჩივის

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აპირებს, “პრაიმტაიმის” მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართოს. ამის შესახებ ჯიშკარიანის უფლებადამცველმა “მეტრონომს” განუცხადა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, ჟურნალისტის ინტერპრეტირება, რომ მან სიტყვები “მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ”, თამთა თოდაძის მისამართით გააკეთა, არასწორია.

ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულ ფრაზაში გულისხმობდა იმ უსამართლო კრიტიკის დასრულებას, რაც ბოლო პერიოდში მის მიმართ ისმის.

“გუშინ შემოვიდა უამრავი ზარი, ვერ გავიგე რა ხდებოდა. მერე გაირკვა, რომ რაღაც ადვოკატების კონკრეტული ჯგუფი, აქვე ცოტნე გამსახურდიას განცხადება და ეს ადამიანი (პრაიმტაიმის ჟურნალისტი. რედ.) მეკითხება, რომ ამ ყველაფრის ირგვლივ რას ვიტყოდი. ეს არის ძალიან არასწორი და უსამართლო, რაც თავად ამ ჟურნალისტმა გააკეთა ჩემს მიმართ. მე ვესაუბრებოდი, რომ ბევრი ცილისწამებაა, ძალიან დიდი უსამართლობაა და აქეთ ცოტნე გამსახურდიაზე მკითხა და ვუთხარი, რომ ეს ადამიანი არის კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი, ზვიად გამსახურდიას შვილი და მე არ მინდა პასუხისგაცემა. აგრესიის პასუხად მე არავისთვის არაფერი მიმიმართავს. რაც შეეხება, სიტყვებს, “მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ”, დავადასტურებ, რომ მხოლობით რიცხვში ეს სიტყვები არ მითქვამს და თამთა თოდაძისთვის არ მიმიმართავს. აუცილებლად გამოვითხოვ ჩანაწერს და უნდა მივმართო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას “პრაიმტაიმთან” დაკავშირებით. ეს ადამიანი არც ვიცოდი თუ იწერდა საუბარს, არც უთქვამს, მას საკმაოდ მეგობრულად ვესაუბრე. მე ვთქვი, რომ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს მიმართ ამდენად უსამართლო ბრალდებებს ისვრიან, აუცილებლად გავცემ პასუხს და დავასრულებ მათ კრიტიკას, ვინაიდან მე გავმართლდები”, – უთხრა მარიამ კუბლაშვილმა “მეტრონომს”.

“პრაიმტაიმმა” მასალა, სათაურით – “მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ — კუბლაშვილი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლზე”, გუშინ, 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ჯიშკარიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იტვირთბა....