“პატრიოტთა ალიანსისი” ლიდერმა ირმა ინაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე სადაც ქართული ოცნების” წევრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული პოლიტიკური პროგნოზი შეაფასა, განაცხადა, რომ ქართველ ხალხთან ერთად მოაწყობენ ნამდვილ რევოლუციას.
“ვეუბნები ქართული ოცნების” ელიტას და ცალკეულ ლიდერებს, თუ თქვენ 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60%-ს და 20%-ს დაუწერთ სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, “საქართველოს პატრიოტები” ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ ნამდვილ რევოლუციას. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ეს არ იქნება ის საპროტესტო აქციები, რასაც “ქართულ ოცნებასთან” შეხმატკბილებული და კოჰაბიტირებული ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფები უწყობენ ხოლმე “ქართულ ოცნებას.” ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია, ნამდვილი პროტესტი და ნამდვილი რეაქცია ქართველი ხალხისა, იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროვებს ირაკლი კობახიძე” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” თავს არ დაანებებს გაზვიადებული, ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, წინასწარ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, “პატრიოტთა ალიანსი” წინასწარ ეუბნება, რომ ე.ი. ხელისუფლება აპირებს არჩევნების მასობრივ გაყალბებას.
“არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ჯანსაღი რეაქცია არის რევოლუცია. ამ რევოლუციას “ქართული ოცნება” აუცილებლად მიიღებს “საქართველოს პატრიოტების” და ქართველი ხალხის მხრიდან” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.