ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გრიგოლ ლილუაშვილი პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანია” – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანია.

“რადგან გრიგოლ ლილუაშვილს მე და საპარლამენტო უმრავლესობა პირადად ძალიან კარგად იცნობს, კიდევ უფრო თამამად დავუჭერთ მხარს, მისი პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე. ამაში გასაკვირი არაფერია, როცა ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩვენი გუნდის წევრი იყო, ბიძინა ივანიშვილთან შეხება ჰქონდა, ამის გამო ასეთი კადრები უნდა დავბლოკოთ, მგონი, ისე ავიწროებენ წრეს, ბოლოს მათ რომ დავუჯეროთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნა მოგვიწევს თანამდებობებზე. არ გამოვა ასე, მათი სპეკულაციური ლოგიკა და პათოსი არ გავა საზოგადოებაში და ხალხიც კარგად ხვდება ყველაფერს” – აცხადებს მდინარაძე.

დეპუტატი ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის მოსაზრებას, სუს-ის გაუქმებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური მესიჯი წამგებიანია და არ ურჩევს.

“არ ვიცი ისინი რა ფორმით არსებობაზე მიანიშნებენ. ჩვენ ვნახეთ მათი გაკეთებული ე.წ რეფორმა , როდესაც მონსტრი შექმნეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დავალებებით მართავდა ქვეყანას და შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, რომლებსაც არ ეკუთვნოდათ, რომ დატერორებულიყვნენ. ამის იარაღი შექმნეს მათ თავის დროზე, თუ ამაზე მიანიშნებენ, მგონი, ეს პოლიტიკური მესიჯი წამგებიანია და არ ვურჩევ”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ.

იტვირთბა....