ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყნის ყველაზე მთავარ გამოწვევას რუსული ოკუპაცია წარმოადგენს” – ლილუაშვილი

მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს რუსული ოკუპაცია.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

“სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად”- ამბობს ლილუაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები.

“ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დეფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები, ვგულისხმობ IPRM-ის ცნობილ ფორმატს და ჟენევის ფორმატს”- თქვა მან.

ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორების- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთო-ს და გაერო-ს დახმარებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადგილზე არსებული მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

იტვირთბა....