ტელეკომპანია “პალიტრანიუსისა” და რადიო “პალიტრის” ეთერში, გადაცემა “შუადღის სტუდიაში” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს მისამართით ისმის მუქარა, რომ თუ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს არ გამოუშვებენ, მათ წინააღმდეგ გარკვეული მასალები გამოქვეყნდება.
მისივე თქმით, შანტაჟის ენა საპატრიარქოს მამალაძის გამოშვებაში ხელს უშლის.
„იმ პირობებში, როდესაც საპატრიარქოს შანტაჟის ენით ესაუბრებიან, სრულიად გაუგებარია პარალელურად საუბარი იმაზე, რომ შეწყალების შუამდგომლობა დადგეს.
საპატრიარქოს მიმართ ისმის ბრალდება, რომ საპატრიარქომ მოაწყო სასულიერო პირის პატიმრობა. კიდევ ბევრი ბრალდებაა, რომელიც ითხოვს სიცხადეს და ამ ბუნდოვანებაში შეუძლებელია ნაბიჯის გადადგმა.
საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში კვლავ წამოწიეს საპატრიარქოს მისამართით ბრალდებები. მე პირადად გულწრფელად ვცდილოდი, რომ ამ კვანძის გახსნა მომეხერხებინა. მამა გიორგიმ თავად მთხოვა, როდესაც პირველად მე მის სანახავად საავადმყოფოში მივედი, რომ გარკვეულად მედიატორი ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. ჩემი სურვილიც იყო ეს. ვცადე, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, ამბობდნენ, რომ საპატრიარქო ვაჭრობს.
საპატრიარქოს ეუბნებიან, რომ თუ არ გამოუშვებ, გამოვაქვეყნებთ მასალებს. თუ საპატრიარქოს ეშინია, რომ რამე არ გამოუქვეყნდეს, მაშინ უნდა დაიწყოს შრომა, რომ გამოიყვანოს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ თუ არ გამოუშვებთ, მე გამოვაქვეყნებ მასალებს. დააანონსა კიდეც ეს.
ეს შანტაჟის ენა საპატრიარქოს უკრავს ხელს, რომ გამოუშვას. მე მომხრე ვარ დღესაც, რომ მოხდეს შეწყალება და გამოუშვან. ვთქვათ, ავდექი დღეს და იმ ფონზე, როდესაც ისმის მუქარა, რომ თუ არ გამოუშვებთ, დავდებთ იმისთანა მასალებს, რომ ქვეყანაში აღარ დაგედგომებათ. მაგალითად, მე ხვალვე დავფაცურდი და გამოვუშვი, მერე მე მოსახლეობას როგორ ავუხსნა – შემეშინდა თუ მოწყალე ვარ და იმიტომ გამოვუშვი?
ერთი პერიოდი, როდესაც მე ჩართული ვიყავი ამ საქმეში, თითქმის მივიდა საკითხი იქამდე, შესაძლებელია გახსნილიყო ამ ყველაფრის დამაბრკოლებელი კვანძი, მაგრამ ბოლო მომენტში ჩემს ურთიერთობას მათ მხარესთან უწოდეს გარიგება, მე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ამიტომ შევეშვი ყველაფერს, საერთოდ არ ვიყურები ამ საკითხში“, – განაცხადა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2016 წლის 10 თებერვალს დააკავეს.