დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ადგილი აქვს უკანონო დაერთებებს და მუნიციპალიტეტმა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს.
„მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არის ადგილები, სადაც ხდება ფეკალიების ჩადინება, სანიაღვრე ქსელები პირდაპირ არის დაერთებული, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. წინა სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალეთ, რასაც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კურირებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმაც“ (GWP ) გააკეთა განცხადება. ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში რამდენჯერმე ხდება სინჯების აღება, ფილტრაცია და წყალი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკანონო დაერთების ფაქტზე უკვე გამოვლინდა ერთი იურიდიული პირი, რომელიც უკვე დაჯარიმდა, გარემოს დაცვის სამინისტრო კი მას შესაბამის სანქციას დააკისრებს.
„გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ ფიზიკურ სამუშაოებს ვიწყებდით. დაწყების პირველივე დღეს მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, რაც, სავარაუდოდ, იყო მასშტაბური ჩადინებები. ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება. პირველ რიგში, დარღვევის აღმოფხვრა მოხდა. კონკრეტულ სუბიექტს ჯარიმა გამოვუწერეთ. ეს არის იურიდიული პირი და მის სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ. ეს მასალები, რაც ჩვენ მოკვლევის ფარგლებში შევადგინეთ, გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც გარემოზე მიყენებულ ზიანს დაითვლიან და აღნიშნულ პირს საკმაოდ სოლიდური სანქცია უნდა დაეკისროს.
ჩვენ ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი შევქმენით, მასში შედიან მუნიციპალური ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფის“, GWP-ის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის ზღვაში რაც ჩადინებებია, ყველას მოკვლევა მიმდინარეობს. საველე სამუშაოები დავიწყეთ, ტექნიკაც მუშაობს, რაც საკმაოდ რთულია, რადგან მიწისქვეშა, ფარულ კომუნიკაციებთან გვაქვს საქმე. ჩვენი მხრიდან ყველა გამოვლინებაზე მყისიერი და საკმაოდ მკაცრი რეაგირება იქნება. შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამისი სანქციებს დააწესებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ჩვენ მოგვიწევს კომუნიკაცია კერძო მესაკუთრეებთან, რადგან მათ ტერიტორიაზეც შეიძლება მოგვიწიოს მიწის გათხრა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევაა, რომ უკან არ დავიხევთ და გამოვიყენებთ ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტს, რაც გაგვაჩნია“, – განაცხადა ვიცე-მერმა.
დედაქალაქის მერის თქმით კი, პრობლემები, რომლებიც დღეს თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთებებთან დაკავშირებით არსებობს, გამოწვეულია იმ არასწორი და ქაოტური განაშენიანებით, რაც დედაქალაქში წლების განმავლობაში ხდებოდა.
„საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა თბილისის ზღვაზე, რამდენი დამრღვევი იქნება გამოვლენილი. ძალიან მძიმეა ეს რეალობა, თუმცა ეს არის შედეგი იმისა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქალაქში – არასწორი და ქაოტური განაშენიანების მიმართულებით. მშენებლობა ხდებოდა იქ, სადაც არ უნდა მომხდარიყო და არ არსებობდა არანაირი პროექტი, თუ როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული წყალარინების თუ სანიაღვრე სისტემა. ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო აღრეული და შედეგიც სახეზე გვაქვს. ჩვენ ყველას ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს – აქტიური კომუნიკაცია იქ მცხოვრებ ადამიანებთან, რადგან პრობლემები სწორედ მათი მხრიდან არის წარმოქმნილი. ეს არის თბილისის ზღვა, რომლის ნაწილი სასმელ წყლად გამოიყენება. თავად ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.