„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე აქვს – ამის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ კონსორციუმი ვალდებულებას ვერ შეასრულებს, კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით იმსჯელებს, გაწყდება ხელშეკრულება კონსორციუმთან თუ გაუხანგრძლივდება ვალდებულებების შესრულების ვადა.
„15 ოქტომბრის, სამუშაო დღის ბოლომდე აქვს კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა, რომ წამოადგინოს სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას ადასტურებს, ასევე უნდა წარმოადგინოს წინასწარი არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება ინვესტორი ბანკების მხრიდან. ამის შემდეგ უკვე შედეგების გათვალისწინებით უნდა შეიკრიბოს კომისია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია , რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი ,“ – განაცხადა ჯავახაძემ.