ოპოზიციის მიერ შალვა თადუმაძისათვის მოსმენისას დასმული კითხვები პოლიტიკური შეტევა იყო – ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ტამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
“შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია უმრავლესობის პროტესტი და პროცესში ჩართულობა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს. იმდენად დიდი პოლიტიკური და არაეთიკური შეტევა იყო, ეს ძალიან კარგად ჩანდა, არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც მოექცა შალვა თადუმაძეს”- ამბობს ჩუგოშვილი. მის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
პარლამენტში მოსმენისას, ოპოზიციის წევრები თადუმაძეს კითხვებს მისი დიპლომის შესახებ უსვამდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენდნენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.