ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არასწორი იყო პროკურატურის შუამდგომლობა ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდებაზე” – თოდაძის ადვოკატი

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა სასამართლოს მიერ თბილისის საკრებულოს წევრისთვის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხზე აცხადებს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც სწორედ გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა, არასწორი იყო.

როგორც თოდაძის უფლებადამცველმა “მეტრონომს” განუცხადა, პროკურატურამ, რომელიც ამ შემთხვევაში, სასამართლოში თოდაძეს იცავს, არ გაითვალისწინა დაზარალებულის მოთხოვნა ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

“ჩვენი მოთხოვნა იყო პატიმრობა. პროკურატურამ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მოთხოვნა და შუამდგომლობაც დააყენა 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. შუამდგომლობა იყო ასევე დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა და მოწმეებთან სპეციალური ნებართვის გარეშე კომუნიკაციის შეზღუდვა, რაც დაკმაყოფილდა.

პროკურატურის მოთხოვნა არასწორი იყო. ჩვენი მოთხოვნა უნდა გაეთვალისწინებინათ, ვინაიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. სწორედ ამიტომ, უნდა მოეთხოვათ პატიმრობის შეფარდება.

ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის იმიტომ, რომ თამთა თოდაძის უფლებებს, ამ შემთხვვაში, კანონმდებლობის თანახმად, იცავს პროკურატურა და მას უნდა მოეთხოვა სწორედ პატიმრობის შეფარდება”, – უთხრა “მეტრონომს” თამარ ლუკავამ.

შეგახსენებთ, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად სასამართლო სხდომა “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარედგინა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა.

მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

იტვირთბა....