ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯიშკარიანს 4-ჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შიშის გამო, პროცესი კლინიკაში ტარდება” – ადვოკატი

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველი მარიამ კუბლაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ ტარდება ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა საავადმყოფოში.

„მივმართავ დაზარალებულ მხარეს, დაცვის მხარეს იყვნენ კორექტულები და საკუთარი პოზიციები ყოველთვის არგუმენტირებულად დაასაბუთონ მტკიცებულებებით. ფორმა 100 წარმოდგენილია, ასევე სასამართლოს მიერ გამოთხოვილია და დავალებულია ბრალდების მხარისთვის სხვა დანართი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს ისტორიას პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რის შემდგომაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი ადგილზე ჩატარდეს. ილია ჯიშკარიანი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მან ვერ იაროს. ის დგება და საუბრობს, მაგრამ საუბარია ემოციურ მდგომარეობაზე და გულის პრობლემებზე, ოთხჯერ გადატანილ ინფარქტზე. ემოციური ფონიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შიშზე. ეს უმჯობესი იყო, იმისთვის რომ თავი დაგვეზღვია, მოსალოდნელი სხვადასხვა ექსცესებისგან და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებისგან, მითუმეტეს, ახლა სტაბილურადაა და უკეთესობისკენ მივდივართ“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთან, საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი მოწმეზე შესაძლო ზეგავლენასთან დაკავშირებულ ბრალდებებსაც პასუხობს და მას სიცრუეს უწოდებს.

„დაზარალებული მხარე ცრუობს, ვინაიდან მოწმე მამუკა ფეიქრიშვილი არის დაზარალებულის მეზობელი, მისი ახლობელი“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ჯიშკარიანი საავადმყოფოში გულის იშემიური დაავადების დიაგნოზითაა მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

 

იტვირთბა....