“ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმება.
როგორც ბრალდებული დეპუტატის უფლებადამცველმა ჟურნალისტებს უთხრა, დაცვის მხარე ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას არ მოითხოვს.
“ჩვენი ინტერესია, რომ წარიმართოს პროცესები, ჩავერთოთ მაქსიმალურად, წარვადგინოთ მტკიცებულებები და შემდგომ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. ბრალდების მხარეს ძალიან სუსტი პოზიცია აქვს, მათ ერთი მტკიცებულება აქვს დართული, რომელიც დაინტერესებული მხარის, დაზარალებულის მიერ არის მიცემული და სხვა ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დამნაშავეობას. შესაბამისად, შუამდგომლობა არის შესატყვისი იმ მოცემულობისა, რაც გვაქვს წარმოდგენილი ბრალის დასაბუთებაში“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად სასამართლო სხდომა მიმდინარეობს “ნიუ ჰოსპიტალში”, სადაც ბრალდებული დეპუტატი, ექიმის ინფორმაციით, კორონალური სინდრომის გამწვავების მიზეზით იმყოფება.
ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარედგინა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა.
მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).