“ქართული ოცნების„ წევრებო, გრცხვენოდეთ, მამუკა ხაზარაძეს რომ ალაპარაკებთ!” – ასე მიმართავს ყოფილი გუნდის წევრებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “2012 და 2016 წლის დაპირებები სამარცხვინოა”.
“მე კი ვუპასუხებ, რომ ჩემი დაპირება ზუსტად ის იყო, რომ საქართველოში იაფი ფული იქნებოდა; ბანკირები არაპროფილურ საქმიანობას ჩამოშორდებოდნენ; ბანკები აღარ იქნებოდა ყველა დიდი, თუ მცირე კომპანიის ირიბი მოწილე; საპენსიო რეფორმა მხოლოდ ბანკების მოგებისთვის არ ჩატარდებოდა; მევახშეები დღის წესრიგს აღარ განსაზღვრავდნენ! და მართლაც უნდა რცხვენოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც მე ამ ყველაფრისთვის ვიბრძოდი, შიგნით საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის, ასევე ფინანსთა მინისტრისგან.” – ამბობს ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ სწორედ ბანკირებს ემსახურებოდა და ლობირებდა „ქართული ოცნება“ დიდი ხნის განმავლობაში და ამიტომაც მივიღეთ ის, რომ ბანკირები შეტევაზე გადმოვიდნენ.
“მოგების დინამიკას თუ გადავხედავთ, „ქართული ოცნების“ პირობებში, პირველ რიგში სწორედ ბანკირების ოცნებები ახდა. აი ამ იდეოლოგიური უთანხმოებების გამო იყო ჩემი კონფლიქტი და დაპირისპირება ოცნებასთან. მე ჩემს დაპირებებს, არასოდეს გადავალ! და თქვენ? „ქართული ოცნების“ დეპუტატებო, არ გრცხვენიათ, მამუკა ხაზარაძეს რომ ასე ალაპარაკებთ?” – მიმართავს დავით ჭიჭინაძე მმართველ გუნდს.