თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის რეგიონალურმა დირექტორმა, სესილ კუპრიემ თბილისში ორგანიზაცია „Mobilise Your City“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ესწრებოდა.
მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, დონორი ორგანიზაციის – „Mobilise Your City“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყებს პროგრამას, რომელიც თბილისის მერიას მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტის – „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის“ შექმნასა და იმპლემენტაციაში დაეხმარება.
როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, საამისოდ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში 2 წლის განმავლობაში მივლინებული იქნებიან საერთაშორისო დონის ექსპერტები.
„საფრანგეთის მთავრობასა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი
მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო სფეროში დახმარების გაგრძელებას. გვეყოლებიან ფრანგი ექსპერტები, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში, როგორც დაგეგმვის, ისე ურბანული მობილობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
„საფრანგეთის განვითარების სააგენტო ამაყია, რომ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ურბანული მობილობის განვითარება, მისი სხვადასხვა ასპექტის წინ წამოწევა და გაუმჯობესება“, – განაცხადა სესილ კუპრიემ.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა თბილისის მერიის ხელმძღვანელობის დაინტერესებას ურბანული ტრანსპორტის განვითარებით.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ თბილისის მთავრობის გვერდით. მუნიციპალიტეტის მმართველი რგოლი, თბილისის მერის ხელმძღვანელობით, დაინტერესებულია იმით, რომ ურბანული ტრანსპორტი განვითარდეს, რათა სახეზე იყოს ეკონომიკური თუ ეკოლოგიური შედეგები და სხვა უპირატესობები, რაც ამ მიმართულებით განვითარებას მოაქვს. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ მათ“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
თბილისის მერია „Mobilise Your City“-ის წევრი 2019 წლის აპრილში გახდა. ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმება ივლისში, თბილისის მერის, კახა კალაძისა და მერის მოადგილე მაია ბითაძის პარიზში ვიზიტისას გადაწყდა.