საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და სარკინიგზო გვირაბში, სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილის ოჯახი ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს ჯგუფის” ადმინისტრაციას მიმართავენ.
მათი მოთხოვნებია:
1.დაუყოვნებლივ გაფორმდეს ნოტარიულად დამოწმებული, კომპენსაციის გაცემის შესახებ შეთანხმება;
2.გასაცემ კომპენსაციად განისაზღვროს არანაკლებ 175 000 ლარი, რაც, თავის მხრივ, მოიცავს მარჩენალდაკარგული შვილების უზრუნველყოფას სრულწლოვანობის ასაკის პერიოდამდე და ოჯახის საბანკო ვალდებულებებს;
3. დაიფაროს გარდაცვლილის დაკრძალვის ყველა ხარჯი;
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” თანამშრომელი 6 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
კომპანიამ თანამშრომლის – თ.ჩ. -ს გარდაცვალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა, სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ახლობლებს და მზაობა გამოთქვა, მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს.
“მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია კომპანიის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან”. – ნათქვამია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას მომხდარ უბედურ შემთხვევაზე მოკვლევის პროცედურები დაიწყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა. მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვისკენ და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, ადამიანის ფუნდამენტური უფლების – უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ წელს შრომის ინსპექცია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მუდმივმოქმედი ფილიალები არაერთგზის შეამოწმა, რის საფუძველზეც, კომპანიას დაეკისრა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, თუმცა შრომის ინსპექტორთა ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.
გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით, სამუშაო პროცესის შეჩერებისა და 50 000 ლარის ოდენობით, ჯარიმის დაკისრების შესახებ.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა“.