“არსებობს საქმეზე მტკიცებულებები, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ თამთა თოდაძე დაზარალებულად ეცნოთ და ილია ჯიშკარიანისთვის ბრალი წარედგინათ”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ გააკეთა.
უფლებადაცველის თქმით, დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და სისხლის სამართლის საქმეს გაეცნო, თუმცა გაუთქმელობის ოქმზე ხელმოწერის გამო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე შინაარსობრივად ვერ ისაუბრებს.
“ჩვენ ახლა ვიყავით პროკურატურაში. გავეცანით დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ აქცენტი ამდენი ხნის განმავლობაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად არ გვქონდა ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, არსებული ინფორმაციაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ არსებობს საქმეზე მტკიცებულებები, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ დაზარალებულად ცნობა მომხდარიყო თამთა თოდაძის და წარედგინათ ბრალი ილია ჯიშკარიანისთვის. შესაბამისად, როგორც ველოდებოდით, იგივე სურათი დაგვხვდა სისხლის სამართლის საქმეში. საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, თუმცა შინაარსობრივად ვერ გეტყვით რა მტკიცებულებებია საქმეში, რადგან გაუთქმელობის ოქმზე გვაქვს ხელი მოწერილი”, – უთხრა “მეტრონომს” თამთა თოდაძის უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გუშინ, 8 ოქტომბერს ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა, თოდაძეს კი, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
„8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს მისი ყოფილი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.