იურიდიული კომიტეტუის სხდომაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს, საფიქრალი გაუჩნდება, დარჩეს თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
შალვა თადუმაძეს ნინო გოგუაძემ დაუსვა შეკითხვა – სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.
„ლეგიტიმაციის მხრივ საფიქრალი გამიჩნდება, დავრჩე თუ არა ასეთ შემთხვევაში ამავე პოზიციაზე – გენპროკურორის თანამდებობაზე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.