“საჰაერო ბურთს, რომელსაც აწერია “ქართული ოცნება”, ვეღარაფერი გადაარჩენს”, – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პარლამენტი, შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილის მსგავსად, სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.
როგორც გოცირიძემ “მეტრონომს” განუცხადა, “რომელ დეპუტატს როდის გააგდებენ, ეს მხოლოდ ერთმა კაცმა იცის”, თუმცა მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია მაინც “კატასტროფისთვისაა” განწირული.
“რომელ დეპუტატს როდის გააგდებენ პარლამენტიდან, არ მაინტერესებს. ეს იცის მხოლოდ ერთმა კაცმა. ჩვენ ვნახეთ შიდა ინტრიგების პროცესში, ერთი ჯგუფი როგორ ერეოდა მეორეს. ვნახეთ, როგორ გააგდეს კვირიკაშვილი, როგორ გაწმინდეს მისი მომხრეები და მის მიერ დანიშნული ხალხი უკლებლივ ყველა სამინისტროებიდან, როგორც გადაწვდნენ თვითმმართველობას, პარლამენტიდან როგორ გაუშვეს მისი მომხრე დეპუტატები. გუშინ, თავად ზარდიაშვილი გააგდეს. როდესაც საჰაერო ბურთი სიმაღლეს კარგავს და დაცემას იწყებს, პირველ რიგში, უვარგის ტვირთებს გადმოყრიან ხოლმე. ზარდიაშვილი მოიცილეს, როგორც არასაჭირო ტვირთი, რომელიც წინასაარჩევნოდ, მრავალ ადგილას გახვრეტილ საჰაერო ბურთს, რომელიც უკვე მიწისკენ მიექანება, მძიმე ტვირთად აწვა. სხვა მძიმე, უხარისხო და არა პირველი საჭიროების მქონე ტვირთებსაც გადმოყრიან, ოღონდ არ მოუვიდეს კატასტროფა საჰაერო ბურთს, რომელსაც აწერია “ქართული ოცნება”. ბოლოსთვის შემოინახავენ წყალს და პურს, ალბათ. ბურთს ვეღარაფერი გადაარჩენს, თავად მისი საჭეთმპყრობელიც კი რომ გადმოხტეს ციდან”, – უთხრა “მეტრონომს” რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა გუშინ, 7 ოქტომბერს დეპუტატის მანდატი დატოვა.