თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში არ ჩაანაცვლებს.
მისი თქმით, მან საკუთარ თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
“ნებისმიერი ადამიანისთვის, ისევე, როგორც ჩემთვის პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პატივი და გამოწვევა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მე სულ ერთი თვის წინ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ ამირჩია თავმჯდომარის მოადგილედ, მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე”, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ყველა წევრი ცდილობს დადებითი როლის შესრულებას ქვეყნის წინსვლაში.
“ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და სად, “ქართული ოცნების” გუნდის წევრები რა პოზიციაზე ვიქნებით, თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მცდელობებით, როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული დადებითი როლი შევასრულოთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ამ მისიას მე ამ ეტაპზე ვხედავ საკრებულოში და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ზარქუამ.
მანვე შეაფასა ვანო ზარდიაშვილის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებაც.
“პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ღირსეული გადაწყვეტილებაა, რაც მან მიიღო და სადაც იქნება, წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის თანახმად, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ირაკლი ზარქუაა, ხოლო მის შემდეგ სიაში მომდევნო თემურ გოცირიძეა.
დღეს, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მანდატი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.