“ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზედაც პერიოდულად ფეთქდება “ქართული ოცნება”, – აღნიშნული განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“ეს არის ტვირთი და სიმძიმე “ქართული ოცნებისთვის”, რომლის გამოც უნდა გადაწყვიტონ, ასოცირება ამ ადამიანთან მათ უნდათ თუ არ უნდათ. ბიძინა ივანიშვილს უნდა ასეთი ადამიანი ლაპარაკობდეს მისი სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, თუ არ უნდა… მე კი არ მომაყენა პირადად შეურაცხყოფა იმ საშინელი სიტყვებით, რასაც ის ამბობდა, მან შეურაცხყოფა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მიაყენა”, – უთხრა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
საუბარი ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც მასსა და დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბესელიამ ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.