„თბილისობის“ გალაკონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
გალაკონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით თბილისის მერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა და შვიდ საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.
წელს საპატიო თბილისელები გახდნენ: გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს; გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული; ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს; ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს; როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს; მეია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი; ნიკოლოზ ლეკიშვილი – თბილისის ყოფილი მერი.
„გულწრფელად ვამბობ, ამ ქალაქის მსახურებით არ დავიღლები. ჩვენი გუნდი სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩართულობითა და გვერდში დგომით აკეთებს ქალაქისთვის საჭირო და სასიკეთო საქმეებს. სწორედ თქვენ გვეხმარებით, რომ თბილისისა და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები ღირსეულად გადავჭრათ. თბილისი არის ყველა ადამიანი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მასზე ზრუნავს და არასდროს ავიწყდება. ეს ქალაქი არის პედაგოგი, ექიმი, მემანქანე, ბაღის პედაგოგი და ა.შ. სწორედ ამიტომ, წელს იმ ადამიანებს დავაჯილდოვებთ, ვინც ჩვენს ქალაქზე ყოველდღიურად, დღე და ღამე ზრუნავს. ეს ადამიანები თბილისისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და საპატიო თბილისელის წოდება მივანიჭო მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის ჩვენს ქალაქზე ზრუნვის საქმეში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„თბილისობის“ გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდია შესრულდა. დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები მთლიანად კომპოზიტორის ხსოვნას მიეძღვნება.
„ემოციურად რთულია, რადგან ჩვენ დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ადამიანი, შემოქმედი, ჩვენი გია ყანჩელი. ძალიან მძიმეა, როცა ისმენ მის შემოქმედებას დღეს აქ და ის სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არის. მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები, აუცილებლად გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი უნიკალური ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით და რაც მთავარია, სტუმართმოყვარე, თბილი ადამიანებით. ეს ქალაქი ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლის და სიცოცხლის ფასად, შრომითა და განათლებით, უკეთესი მომავლის იმედით, თავისუფლებისკენ სწრაფვის შეუჩერებელი სურვილით შემოგვინახეს. თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი ვალია, შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობებს უნიკალური ისტორიის მქონე, განვითარებული ქალაქი გადავცეთ, რითიც აუცილებლად იამაყებენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, თბილისი კიდევ უფრო მოწესრიგებული, გალამაზებული, განვითარებული, სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიტყვის დასასრულს, კახა კალაძემ თბილისელების სახელით, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც ზურგს მიმაგრებს. ამ გუნდს „ქართული ოცნება“ ჰქვია და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ნამდვილად მეამაყება, რომ დედაქალაქის მერიას, პირადად მე – კახა კალაძეს, ზურგს უმაგრებს ცენტრალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ზუსტად, ასეთი თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება, ქალაქის მოწესრიგება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ჩვენ ყველას გვაწუხებს. პირობას გაძლევთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გალაკონცერტი, რომელშიც საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, სახელგანთქმული კოლექტივები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ, ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე გაიმართა. „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.