უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 20-21 ივნისის მოვლენებს ეხმაურება. ის მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ბოლო წლებია თითქოს მუტაცია მოხდა.
“ქვეყანა კინაღამ ააფეთქდა, ამდენი ადამიანი დასახიჩრდა, ახალგაზრდები, ჟურნალისტები… ახლანდელმა პრემიერმა გახარიამ კი, იმიტომ რომ სხვებს ხელი გადააფარა, თავად „შეიტენა“ მთელი პასუხისმგებლობა, რითაც უკვე მიადგა უდიდესი ზიანი” – ამბობს ჭიჭინაძე.
მისი თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ გასჭირვებიათ. ამიტომ დეპუტატი ინიციატივით გამოდის, თამარ ჩუგოშვილსაც მოუხსნან იმუნიტეტი, რითაც პროკურატურას სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცემა.
“პირველივე დღიდან ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ის ყველაფერი რაც 20-21 ივნისს მოხდა, სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული ძალების პროვოცირებულია, რა თქმა უნდა გარეშე ძალებთან ერთად. ანუ, თუ ვინმეს გადატრიალებაში და ამბოხში ადანაშაულებენ, თუ ვინმე დასაკითხია, „ოცნებამ“ თავისი რიგებიდან და პირველ რიგში ჩუგოშვილით უნდა დაიწყონ. იმიტომ რომ, სწორედ მისი ე.წ. საპროტესტო მოწოდება იყო პირველი, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა, აქ კი არეულობა დაიწყო. არადა, გავრილოვის ვიზიტის ყველა დეტალის შესახებ ჩუგოშვილმა დიდი ხნით ადრე იცოდა და ამას დღეს „ოცნების“ ყოფილი წევრიც ადასტურებს.” – აცხადებს ჭიჭინაძე.
დეპუტატი თვლის, რომ ქუცნაშვილიც თავად არის ანომალური მოვლენა და მისგან “ქართული ოცნება” მრავალ სიურპრიზს უნდა ელოდოს.
შეგახსენებთ, აწ. უკვე ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების გამო დეპუტატის მანდატი დატოვა, განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე თვით ადრე იცოდა, რომ ქვეყანაში რუსული დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო და მათ დასახვედრად შესაბამისი მზადება მიმდინარეობდა.