ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დადგა დრო დუმილი დავარღვიო” – ზაქარია ქუცნაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.

წერილს “მეტრონომი” სრულად გთავაზობთ:

“საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის მანდატი ოფიციალურად გამიუქმა. ვფიქრობ, უკვე დადგა დრო დუმილი დავარღვიო. მავანმა შეიძლება იკითხოს, აქამდე ხელს ვინ გიშლიდაო, მაგრამ არ მსურდა ვინმეს ეფიქრა, სიმართლის გამოქვეყნებით თითქოს პარლამენტარის სკამის შენარჩუნებისთვის ვირჯებოდი.
ამ ხნის განმავლობაში ბევრი შეკითხვა დაგროვდა და შევეცდები ნელ-ნელა ყველას ვუპასუხო.

უპირველესად მინდა მოგახსენოთ, თუ რატომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“-ში (IAO) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობა, ასამბლეაში, რომლის დამფუძნებელი და წევრი ჩვენი ქვეყანა უკვე 26 წელია.

საქართველოს პარლამენტი არის ევროპის საბჭოს, ნატოს, ეუთოს, ევრონესტის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის, ფრანგულენოვანი ქვეყნების და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეების (IAO) წევრი. ჩამოთვლილთაგან უმრავლესობა ევროპის სახელმწიფოების გაერთიანებაა. მხოლოდ IAO-ს ასამბლეა მოიცავს ამერიკის, ევრაზიის, აფრიკის და ავსტრალიის კონტინენტის ქვეყნებს. რადგან ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი უპირველესი ამოცანის, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, ყველა პლატფორმის გამოყენება აუცილებელია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თითქმის ყველა კონტინენტის წარმომადგენელი წევრებით, ამის საშუალებას იძლევა. მოგეხსენებათ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ევროპის არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია! საქართველოს მთლიანობის მტრებისთვის მოწყვლადი სახელმწიფოები ხომ უფრო აფრიკის, ამერიკის და ევრააზიის კონტინენტის ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია!

ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ ასამბლეის წევრია, დიდად სახარბიელო საბაბი არ უნდა იყოს ასამბლეის წევრობისგან თავშეკავებისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ ასამბლეათა უმრავლესობაში, რუსეთია გაერთიანებული და ამის გამო ჩვენ არ ვთაკილობთ მათ წევრობას. იქნებ ასამბლეის დასახელებაში სიტყვა „მართლმადიდებლობა“ არის ზოგისთვის ძალიან მიუღებელი? ვერ გეტყვით. ვინაიდან გეზი ევროპისა და ამერიკისკენ გვაქვს, დონალდ ტრამპის სიტყვებს მოვიშველიებ: „ჩვენ შევაჩერებთ შეტევას ქრისტიანულ ფასეულობებზე!“

ქვემოთ შევეცდები ვისაუბრო თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმს და ერთიან ჭრილში გავიაზროთ ყველასთვის ნაცნობი მოვლენები.

ამა წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ აღიარა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ძალმომრეობის მორიგი ფაქტი – საკუთრების წართმევის თაობაზე.

როგორც გამოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოელოდნენ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ამაზე მეტყველებს 20-21 ივნისს მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები, შემდეგში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გარდაცვლილი ადამიანის საჯაროდ და უხამსად შეურაცხყოფა, ნიკა გვარამიას მიერ ქართული ღვინის და ტრადიციების აბუჩად აგდებით ქართული საზოგადოების პროვოცირება და ბოლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ არქივის გასხვისება. 20 ივნისიდან 18 ივლისამდე მომხდარი ეს 4 ფაქტი ნათელს ხდის მათი ძალადობრივი და პროვოკაციული მოქმედებების მიზანს – საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ხოლო როდესაც ეს არ გამოუვიდათ უკვე საზოგადოების პროვოცირებით „რუსთავი 2“ -ის დარბევის გამოწვევას.

სტრასბურგის სასამართლომ დადასტურა საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი, როგორც წართმეული საკუთრება, მის კანონიერ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა. ამ პროცესების შეფასებისას, სამწუხაროდ, არავინ დასვა შეკითხვა იმაზე თუ რამდენად მორალურია წართმეული ტელევიზიის ხელმძღვანელობა და ასეთ საქციელზე წამსვლელი ადამიანის პატიოსან და ობიექტურ ადამიანად მიჩნევა. „ქართული ოცნების“ ოპონენტები მხოლოდ იმაზე დავობენ, რომ ტელევიზია მარტო ერთი კაცისთვის არ წაურთმევიათო.

ამით მიტაცებული ტელევიზიის მმართველის საქციელის გამართლებას ცდილობენ. უნდათ საზოგადოება შეაგუონ იმ აზრს, რომ წართმეულის ფლობა და წლების მანძილზე მისით მატერიალური სარგებლის მიღება სწორია, რომ წართმევის პროცესში უშუალოდ მონაწილეობის მიუღებლობა თურმე სხვისი ქონების დაუფლებას და მისით სარგებლობას ამართლებს. მიტაცებულის დათმობისთვის შეგიძლია მილიონები მოითხოვო და უტიფრობით და უზრდელობით ყველა გააოცო. დავა იმაზე ქონება ერთს ჩამოართვეს თუ ბევრს განა ამართლებს წართმეულის დაუფლებასა და მისით სარგებლობას? ასეთი ფასეულობის მქონე ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო და სანდო ადამიანს? ხელისუფლების ოპონენტები გაკადნიერდებიან და შეიძლება ისიც კი თქვან, რომ ნიკა გვარამიამ 18 ივლისამდე არ იცოდა, რომ წართმეული ქონება იყო, თორემ მაგ საქციელს როგორ დათანხმდებოდაო?

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა იცოდნენ საკუთარი ბრალეულობა და ხვდებოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო დაადასტურებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებდათ, მათი მთავარი საზრუნავი იყო, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ტელევიზიის მართვის უფლება შეენარჩუნებინათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის მიჩქმალვაც მმათვის აუცილებელი გახდა ამ დღეებში, ეს იყო 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპულმა სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა და გამოკვეთა სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომები, ისევე როგორც ციალა შანავას შემთხვევაში. ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ დაადასტურა ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულებების სისასტიკე, რომელთაც არასდროს არ აშუქებდა რუსთავი 2 და რომლის მესვეურებსაც ასე გამალებით იცავდა. არავის გახსენებია იური ვაზაგაშვილი – მამაცი შვილმკვდარი მამა. ის ვერ მოესწრო თავისი სიმართლის აღიარებას. მკვლელებმა მშობელი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მოელოდნენ რა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას, ამიტომ წავიდნენ ვაბანკზე 20 ივნისიდან 18 ივლისამდე პერიოდში. მედიაძალაუფლების დაკარგვის შიშმა გადააწყვეტინა მათ მოვლენები რევოლუციური გზით წარემართათ. დროის ამ მონაკვეთში მომხდარი და ქვემოთ მოყვანილი ფაქტების ანალიზი ნათელს ხდის განზრახულობას და აშიშვლებს მათ ფსევდო-პატრიოტულ გამოხტომებს.

ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და პარლამენტში მათი შეჭრა ხელისუფლების დამხობისთვის გამოეყენებინათ. როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეეცადნენ ქართული საზოგადოების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და ის მიემართათ ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის“ დასარბევად. იმისათვის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი, ხოლო ქართული საზოგადოება და მისი ხელისუფლება მოძალადედ და ანტიდასავლურ ძალად წარმოჩინებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამ ხაფანგმაც რომ არ გაჭრა, ადგნენ და პროპაგანდის მანქანის არქივი, მთავარი ინტელექტუალური პროდუქტი, გაასხვისეს, რითაც ათწლეულების მანძილზე სხვისი რესურსებით შექმნილი მორიგი მატერიალური სიკეთე მმათთვის ხეწლმისაწვდომ ადგილზე მოახვედრეს. დროის მოკლე პერიოდში მომხდარი ოთხი ფაქტის ანალიზი ამის უტყუარი დადასტურებაა. „დიადი მიზნის“ – ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის აუცილებელი პროპაგანდის ინსტრუმენტის შენარჩუნების სურვილმა, მათ ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დააშვებინა.

20-21 ივნისის ღამეს მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას წინ უსწრებდა მოსამზადებელი სამუშაო როდესაც ფაქტების გაყალბებით „რუსთავი 2“ შეეცადა და პატრიოტული მიზეზით მოახერხა კიდეც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება. ცნობილი ნარატივით, რომ ვითომ ქართული ოცნების ხელისუფლება „მოღალატეების და კოლაბირაციონისტების ხელისუფლებაა“, ხოლო ნაციონალები ეროვნული ინტერესების ჭეშმარიტი დამცველები. ამისათვის მათ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის IAO-ს 26-ე გენერალური სესიის თბილისში გამართვა, რომელშიც 3 კონტინენტის 23 სახელმწიფოს დეპუტაცია იღებდა მონაწილეობას, წარმოაჩინეს როგორც მხოლოდ რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით გამართული რიგითი ღონისძიება. რომ ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასამბლეის პირველად მასპინძლობა ქვეყანას არა ცნობადობის გაზრდაში, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში საქართველოს პოზიციის განმტკიცებაში, მართლმადიდებლურ სამყაროში ჩვენი ღირსეული ადგილის მონიშვნაში და ბოლოს პილიგრიმული ტურიზმის განვითარებაში ხელს შეუწყობდა, არამედ თითქოს ეს იყო სუფთად რუსული ასამბლეა რომელშიც საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, კონკრეტული მიზნები არ ჰქონდა.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესის ნაწილია. აქ ბატონ თედო ჯაფარიძეს დავესესხებით, რომელიც ნამდვილად მიიჩნევა საგარეო პოლიტიკის უზადოდ მცოდნე და მოაზროვნე პატრიოტად: „დიდი სახელმწიფოების მიერ საქართველო ჯერ კიდევ განიხილება როგორც საკუთარი ინტერესების რეალიზების საშუალება (ინსტრუმენტი) და არა როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე თავის სუვერენული საგარეო პოლიტიკით და ინტერესებით“. ეს განპირობებულია საქართველოს მოკრძალებული შესაძლებლობებით და ჩვენი ძლიერი მეზობლების ამბიციური გეგმებით. რუსეთის ფედერაცია ცდილობს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნას, პოსტ-საბჭოთა სივრცის საკუთარი გავლენის არეალად შემოსაზღვრას და ევრაზიის კონტინენტზე ენერგომატარებლების დომინირებულ გავრცელებას. თურქეთი მიისწრაფის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების ლიდერობისკენ, ხოლო ისლამური ირანი ბირთვული სახელმწიფოების ოჯახში მოხვედრით ერთდროულად რამოდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებისათვის გვიჭირს მოვძებნოთ გზა. როგორ მივაღწიოთ იმას, რაც ყველაზე ძალიან გვინდა? მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება და ჩვენი ნათესავი ხალხების აფხაზების და ოსების შემორიგება. რა არის ის ექსტრა-ორდინალური გადაწყვეტილებები, რაც ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე და ამდენი ინტერესის მორევში გვაპოვნინებს ხელშესახებ სარგებელს?
ჩემი აზრით, საქართველოს წარმატება რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების კარგად დაუფლებასა და მათ სწორად გამოყენებაშია. ამის მაგალითია რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ისტორია. რუსეთს, სტამბულის საერთაშორისო ფორუმზე 1999 წელს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში (ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირების თაობაზე) მოუწია საკუთარი ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. წარმატებული გამოცდილება მხოლოდ მსოფლიო და რეგიონულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში ჩვენი ინტერესის ჩაქსოვით (მორგებით) შედგა. შეგახსენებთ, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს მიმდინარეობდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების კამპანია რაც ჩვენმა დიპლომატიამ გამოიყენა საქართველოს ეროვნული ინტერესის მისაღწევად – ჩვენი სამშობლოდან რუსული სამხედრო ბაზების გასაყვანად. სტამბულის შეთანხმების შესრულება სწორედ პუტინის რუსეთს მოუწია.

ასევე დიდ წამატებას მივაღწიეთ მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ინტერესი – ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, მოვარგეთ რეგიონულ და საერთაშორისო ინტერესს – ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგებისათვის ალტერნატიული მარშრუტის შერჩევას. შედეგმაც არ დააყოვნა და რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი აშენდა. საქართველომ არა მხოლოდ იაფი გაზი, არამედ ახალი ფუნქცია შეიძინა მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე. სამწუხაროდ, საქართველო ამჯერადაც მოკლებულია შესაძლებლობას ზეგავლენა მოახდინოს როგორც რეგიონულ ასევე გლობალურ პოლიტიკაზე. ჩვენი ქვეყნის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობები შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა დიდი საერთაშორისო ფორუმების გამოყენება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის. მითუმეტეს, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ბევრი წევრი ქვეყანა ჩვენ მსგავს პრობლემას განიცდის. საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შეძლო დიდი წარმატებისთვის მიეღწია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოახერხა და ჩვენი ეროვნული ინტერესის საგანი რეგიონულ ან გლობალური მაშტაბის პროცესს მოარგო, გნებავთ ასე ვთქვათ მასში ჩააქსოვა.

ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამტკიცება დამოკიდებულია ყველა საერთაშორისო თუ საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციაში მიზანმიმართულ მუშაობაზე. ამ ორგანიზაციებში მუშაობა, ერთი მხრივ, იძლევა სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების პლატფორმას, ხოლო, მეორე მხრივ, მრავალმხრივი ურთიერთობების ფაქტორის გამოყენების შესაძლებლობას. მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO) არ უნდა მივატოვოთ იმის გამო, რომ იქ რუსეთიც არის. მოგეხსენებათ, საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დეპუტატების გაერთიანებაა ანუ იმ ხალხების წარმომადგენლების, ვინც ახდენს მათი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებას. აფრიკის და ამერიკის კონტინენტები, ევრაზიის კონტინენტის ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, ის სივრცეა, სადაც ყველაზე მეტი ძალისხმევა გვიწევს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის დაცვისათვის. წარმოიდგინეთ, ჩვენს მიერ მიტოვებული ეს დიდი სამყარო და რუსეთი მცირერიცხოვანი ხალხების „სამართლიანი მფარველის“ მითით!

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიური ძალისხმევა 2013-2015 წლებში, ზატულინის გეგმა განხორციელდებოდა. მისი გეგმა გულისხმობდა აფხაზი და ოსი ხალხების დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების დამკვირვებლის სტატუსით საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართვას. ეს მათ საშუალებას მისცემდა პირდაპირი კავშირი ჰქონოდათ ამ ორგანიზაციის წევრ 25 სახელმწიფოსთან. ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთი მცოცავი ოკუპაციის პარალელურად მაქსიმალურად ცდილობს საერთაშორისო ასპარეზე მიაღწიოს არაღიარებული „სახელმწიფოების“ თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით ინტეგრაციას. ზატულინის გეგმა ჩვენი უშუალო ძალისხმევით ჩაიშალა. არაღიარებული ხელისუფლებების არცერთ წარმომადგენელს არანაირი სტატუსით, IAO-ს არცერთ ღონისძიებაში არ მიუღია მონაწილეობა. ამის გამო ბ-ნ ზატულინი უკვე თავის მხრივ ბლოკავდა როგორც მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, ასევე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯომარის ირაკლი კობახიძის მოწვევას შემდეგი გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარებაზე. მათ კარგად ესმოდათ, რომ საქართველოში გენერალური ასამბლეის ჩატარება გამოყენებული იქნებოდა ოკუპაციის დანაშაულში მათი მხილებისთვის რისი უშუალო მონაწილე გახდებოდა მსოფლიოს რამდენიმე კონტინენტის ათეულობით სახელმწიფოს წარმომადგენლი. ოკუპაცია და სეპარატიზმი დღეს ბევრი მართმადიდებლური ქვეყნის გამოწვევაა და ბუნებრივია, ამ ტკივილში ჩვენ ერთმანეთის სოლიდარულები ვართ.

ასამბლეის წევრი ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობის და მართლმადიდებლურ სამყაროში რუსეთის რეალური გავლენის სწორად დანახვის, ზუსტად შეფასების უკანასკნელი მაგალითია, მსოფლიო პატრიარქის უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის გარშემო განვითარებული მოვლენები. რუსეთის დელეგაცია და კერძოდ ზატულინი, ყველაფერს ცდილობდა, რომ მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეას IAO-ს არ დაეშვა უკრაინის ეკლესიისათვის ტომუსის გადაცემა. ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ კი დაეგმო მსოფლიო პატრიარქის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ მომხდარა. ამიტომ ამ სამყაროში რუსული ინტერესების უპირობა აღსრულებაზე საუბარი დღევანდელი პოლიტიკის მე-19 საუკუნის დროინდელი აღქმაა.

ზემოთ მოყვანილი ორი მაგალითი: 1. აფხაზი და ოსი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელების დამკვირვებლის სტასტუსით IAO-ში დაუშვებლობა და 2. უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის გარშემო ამავე ორგანიზაციის მხრიდან ნეიტრალური პოზიციის დაკავება, ობიექტურ მსაჯულს ნათლად აჩვენებს იმას, თუ რამხელაა მართლმადიდებლურ სამყაროში რუსეთის „გავლენა“.

ორი სიტყვით შევეხები საერთაშორისო ფორუმების თბილისში ცივილიზებულად ჩატარების მნიშვნელობას. ზემოთ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ ყველა ქვეყანა იბრძვის ასამბლეის მასპინძლობისთვის. მართლმადიდებლების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნატოს და ეუთოს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეების შემდეგ, მესამე საერთაშორისო ფორუმი უნდა გამხდარიყო, სადაც თბილისს მასპინძლობა მოუწია. არაღიარების პოლიტიკის გამტკიცების გარდა, ამ დონის ფორუმები მკვეთრად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას და ასევე პილიგრიმულ ტურიზმს, რაც ტურიზმის მიმართულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი სახეობაა. მაგრამ რიგითი მოქალაქეების ეკონომიკრი ინტერესები ვის ახსოვს?! მათ თუ მეტად გაუჭირდებათ ესეც ხომ ხელისუფლებას დაბრალდება. ურაპატრიოტიზმის ლოზუნგებით შეიარღებული „ომის პარტიის“ წარმომადგენლები ქვეყნის რელსებიდან გადაგდებას შეეცადნენ.

გაკვირვებული აღმოვჩნდი იმით, რომ ზოგიერთი 20-21 ივნისის განვითარებული მოვლენების შემდეგ მიზანშეუწონლად მიიჩნევდა IAO-ს გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარებას. იმ ორგანიზაციის მასპინძლობას ვისი წევრიც ქვეყანა აგერ უკვე 26 წელია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საზოგადოების გაღიზიანების მიზნით ცრუ ცნობები გაავრცელა ასამბელის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მიმართაც. ის საქართველოში სტუმრობისას არა ასამბლეის პრეზიდენტად, არამედ მხოლოდ რუსეთის დუმის დეპუტატად წარმოადგინეს.

სინამდვილეში ის თბილისში ჩამობრძანდა როგორც IAO-ს ანუ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშირისო ასამბლეას პრეზიდენტი. გავრილოვი და ნებისმიერი სხვა რუსი ეროვნების დეპუტატი საქართველომ კი არ ჩამოიყვანა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, არამედ თავად ასამბლეის საერთაშორისო სამდივნომ, რომელიც გახლავთ ორგანიზატორი და ყველა ასამბლეის სხდომის მომწვევი მხარე.

ტყუილი ახალი ამბების მიხედვით, სერგეი გავრილოვი, ჯერ აფხაზეთში და შემდგომში 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ამ დროს მას საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ მიუღია და არც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაურღვევია. სინამდვილეში ის ჯარშიც არ არის ნამყოფი.

ქართული საზოგადოების დამატებითი გაღიზიანებისთვის მაქსიმალურად შეეცადნენ გავრილოვის რუსეთის ოფიციალური პოლიტიკის მსგავსი პოზიციის წარმოჩენას. ორი დღის მანძილზე სხვადასხვა სატელეფონო ნომრიდან ურეკავდნენ მოსკოვში, რომ მას ეპასუხა შეკითხვაზე – ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან? ამით „რუსთავი 2“-მა მოახერხა მისი რუსეთის ოფიციალური პოლიტიკის იდენტური პოზიციის ჩვენება და ამ გარემოების გამოყენებით საზოგადოების დამატებითი გაღიზიანება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოფიციალური რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებლ სახელმწიფოებად მიიჩნევს. ის თავად არის მათი ე.წ. დამოუკიდებლობის მთავარი შემოქმედი. ზემოთ დასმულ შეკითხვაზე სხვა პასუხის მოლოდინი სხვა არაფერია თუ არა გულუბრიყვილობა. იგივე პოზიცია აქვს ჟენევის ფორმატში მონაწილე რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს. ამ ლოგიკით გამოდის, რომ არც ჟენევის ფორმატში არ უნდა დავსხდეთ მოსალაპარაკებლად იმ რუსებთან, ვინც საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად არ მიიჩნევენ და არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ, რომ რუსები წევრის სტატუსით აღდგენით დაბრუნდნენ და იქაც ანალოგიური პოზიცია უკავიათ საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში. ვერ დაასახელებთ ვერცერთ საერთაშორისო თუ საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციას, სადაც საქართველო წარმოდგენილია სამთავრობო ან საპალამენტო დელეგაციით და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის მანქანამ ტყუილი ფაქტების ტირაჟირებით, ბუნებრივია შეძლო საზოგადოების განწყობებში მღელვარების შეტანა. პატრიოტიზმი და მამულიშვილობა ხომ ქართველების უმრავლესობის გენეტიკური კოდია! სერგეი გავრილოვს ხომ როგორც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეის IAO-ს პრეზიდენტს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ასევე ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ბევრად ადრე იცნობდნენ.

ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში შეხვედრილან კიდეც, მისი თავმჯდომარეობით ჩატარებულ ასამბლეაშიც მიუღიათ მონაწილოება და სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადაუღიათ. ანუ რაც საქართველოში მიუღებლად წარმოაჩინეს, საზღვარგარეთ ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ.

საქართველოს უახლესი ისტორიაში მათთვის არასასურველი ფაქტების მიჩქმალვით ისეთი სურათი დახატეს, რომ თითქოს რუსები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი უსამართლო ომების შემდეგ პირველად მოხვდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვლადიმერ პუტინმა სწორედ საქართველოს პარლამენტის შენობაში დაბანაკებულ ვარდების რევოლუციის ბელადებს გამოუგზავნა ოფიციალური და უმაღლესი თანამდებობის პირი იგორ ივანოვი. კაცი, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტიდან წაიყვანა სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის კრწანისის რეზიდენციაში, ამ უკანასკნელისგან გადადგომის მისაღებად. ამის შემდეგ, იგორ ივანოვმა იგივე პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე მიხელ სააკაშვილი რევოლუციაში გამარჯვებულად გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მონაწილეობით ხელისუფლების გადაბარების ისტორია ხომ უტყუარი ფაქტია! როდესაც პუტინის რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირის – საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვის, პარლამენტში ყოფნის, მის მიერ რუსულ ენაზე ქართველი ხალხისადმი მიმართვის და იმ დროისათვის საქართველოს უმაღლესი საპრეზიდენტო ხელისუფლების სააკაშვილისათის გადაცემის ფაქტს მისაღებად მიიჩნევ, ხოლო მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშირისო ასამბლეის სხდომაში, სხვა 22 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად რუსი ეროვნების პრეზიდენტის მონაწილეობას წარმოაჩენ, როგორც საქართველოს პარლამენტში რუსების ყოფნის პირველ შემთხვევას – ეს ხომ არასასურველი ფაქტების მიჩუმათებით ისტორიის გაყალბებაა!

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას იმ შეცდომაზეც, რაც ჩვენ ამ საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობაში დაუშვით. მასპინძლობაში და არა ორგანიზებაში. მოგეხსენებათ, ყველა საპარლამენტაშორისო ასამბლეას, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჰყავთ თავისი მუდმივმოქედი საერთაშორისო სამდივნოები. ისინი უზრუნველყოფენ გენერალური სესიების და მუდმივმოქედი ორგანოების მუშაობის ორგანიზებასა და წარმართვას – დაწყებული იმით თუ ვინ უნდა მოიწვიონ, რა დღის წესრიგით წარმართონ სხდომები და დამთავრებული იმით, ვინ სად უნდა დაჯდეს. მასპინძელ ქვეყნების როლი მხოლოდ სამუშაო პირობების შექმნასა და ხელისშეწყობაში გამოიხატება, მეტი არაფერი. ფინანსების დიდი ნაწილიც კი, როგორც წესი, საერთაშორისო სამდივნოების მიერ იხარჯება და ისინი ყოველთვის ცდილობენ თუ მასპინძელი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტის დარბაზი დაიტევს დელეგატთა რაოდენობას, სწორედ პარლამენტის დარბაზში ჩატარდეს სხდომები. ასე მოხდა 2018 წელს ათენში და 2017 წელს რომში გასული გენერალური ასამბლეების მასპინძლობისას. ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით გენერალური ასამბლეის წარმართვისას საერთაშორისო სამდივნოსთან შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევა. დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით, ასამბლეა უნდა გაეხსნა და წაეყვანა ბერძენ გენერალურ მდივანს. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს ოთხ უცხო ენაზე დაბეჭდილი და ასამბლეის დაწყებამდე გავრცელებული დღის წესრიგი. ბერძენი გენერალური მდივნის მაგივრად ასამბლეა გახსნა და სხდომა წაიყვანა ყველასათვის ნაცნობმა ამავე ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა. სწორედ ამ შემთხვევის გაუთვლელობა მიმაჩნია იმ შეცდომად, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ გამოიყენეს თავისი ძალადობრივი გეგმის განსახორციელებლად. ისინი შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გადაეზარდათ პარლამენტის შენობის შტურმში, ვითომ იქედან რუსი ოკუპანტების გამოსაძევებლად. ამ დროს დაიწყო მათი რევოლუციური გეგმის ამოქმედება, რომლის მიზანი იყო პარლამენტის დაკავებით ხელისუფლების პარალიზება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ფსევდო-პატრიოტული ლოზუნგებით.

თუ პატრიოტი ადამიანების გულწრფელი აღელვების მიზეზად მიგვაჩნია ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ეროვნებით რუსი დეპუტატის მიერ (რომლის დედა ქართველია) პარლამენტის სპიკერატში ადგილის დაკავება და რუსულ ენაზე სესიის გახსნა, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ აღელვების მიზეზი დილის 12.00 საათზე ამოიწურა, როდესაც არათუ რუსმა დეპუტატმა, არამედ მთელმა ასამბლეამ 23-ივე ქვეყნის დეპუტაციამ დატოვა საქართველოს პარლამენტის შენობა და გადაინაცვლა სასტუმროში. თუ ეროვნებით რუსი დეპუტატების პარლამენტიდან გამოძევება იყო ოპოზიციის მთავარი მიზანი, მაშინ ის დილით უკვე მიღწეული იყო. გამოდის რომ ეს ოპოზიციისათვის საბაბი იყო ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობის გზაზე. ყველამ ვიხილეთ საღამოს 22.00 საათიდან განვითარებული ძალადობრივი მოვლენები – კერძოდ, პარლამენტის შტურმი. ამან საფუძველი ჩაუყარა, მასობრივ ძალადობას მისგან გამომდინარე დამაზიანებლი შედეგებით. ძირითადში, ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლები და მათი სატელიტი პარტიები შეეცადნენ ხალხის გულწრფელი აღელვება, რაც გამოწვეული იყო ტყუილი ფაქტების ტირაჟირებით, თავისი პოლიტიკური მიზნის – ხელისუფლების პარალიზების და აბსოლიტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის გამოყენებინათ. „რუსთავი 2“-იც ხომ ამ მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, ელოდნენ რა სტრასბურგის უარყოფით გადაწყვეტილებას, შეეცადნენ ძალადობრივი გზით ხელისუფლბის ხელში ჩაგდებას. ამ გზით წარმატების მიღწევის შემთხვევაში, აზრს დაკარგავდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ სხვა არხს და სხვა ტელევიზიას გამოიყენებდნენ როგორც ჩვევიათ „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიად. ან კიდევ, ფიზიკურად არ შემოუშვებდნენ საქართველოში კანონიერ მესაკუთრეს ანუ იმას, ვინც ერთხელ მათი მიზეზით გერმანიის მთავრობამ პოლიტიკურ დევნილად უკვე აღიარა. არ დაუბრუნებდნენ საკუთრებაში იმას, რაც როგორც საქართველოს სასამართლოებმა ასევე ევროპის რეგიონალურმა სასამართლომ წართმეულად მიიჩნია.

20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ოპოზიციას, რომელიც ხალხს ნაცვლად სიმართლისა ტყუილი უთხრა. კერძოდ ის, რომ ვითომ მართლმათიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეა ეს არის რუსული ინტერესების მატარებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ ასამბლეის პრეზიდენტის რანგში კი არ გვესტუმრა ეროვნებით რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, არამედ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დუმის წევრის სტატუსით, რომ მას თითქოს ნაომარი ჰქონდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ქართველების წინააღმდეგ, რომ თითქოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში წარმოებული უსამართლო ომების შემდეგ პირველად ვიხილეთ რუსები საქართველოს პარლამენტში.

სინამდვილეში სერგეი გავრილოვი თბილისში ყოფნისას წარმოადგენდა IAO-ს პრეზიდენტს და არა რუსეთის ფედერაციის დუმის დავალებით ჩამოსულ დეპუტატს, მას საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ მიუღია და არც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაურღვევია. საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსები პირველად 2003 წელს იმყოფებოდნენ როდესაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოფიციალური დავალებით იყო ჩამოსული. მაშინ, ოფიციალურმა მოსკოვმა უზრუნველყო პარლამენტში შეჭრილი სააკაშვილისთვის საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემა.

მაშინ რატომ დავდე მანდატი? დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად დასვამს ამ შეკითხვას. ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ მსურდა ჩემ გადაწყვეტილებას ადამიანების თუნდაც ნაწილის განწყობებზე ემოქმედა და სიმართლის გაუცნობიერებლად მათ რიგებში სიმშვიდე შეეტანა. რადგან მჯერა, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისუფალი თუ შეძლებს სხვის შეცდომებშიც საკუთარი წვლილი დაინახოს. თავისუფლება, ჩემი აზრით, გადაწყვეტილებისა და პასუხისმგებლობის ერთიანობაა. თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ასამბლეაში 6 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ჩვენს მიერ გატარებული არაერთი ღონისძიება სათანადოდ რომ წარმოჩინებულიყო „ომის პარტიის“ უპასუხისმგებლო წარმომადგენლებს ხალხის ნაწილის ეგზალტირება გაუჭირდებოდათ. ისე რას ვინატრებდი იცით ქვეყანაზე მოფიქრალი ოპოზიციის მხრიდან? ასამბლეა პარლამენტს გარეთ ანტისაოკუპაციო მშვიდობიანი მიტინგის ფონზე ჩატარებულიყო, რაც დასტური იქნებოდა ჩემს მიერ მომზადებულ მოხსენების ბოლო წინადადების – საქართველო არ შეეგუება და დაძლევს ოკუპაციას!!!

ასამბლეის ჩატარებამდე 4 თვით ადრე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისათვის ოფიციალური ანგარიშის საჯარო ჩაბარება, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, საკმარისი არ აღმოჩნდა (პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით როგორც დელეგაციის ხელმძღვანელს მხოლოდ ეს მევალებოდა). შეცდომა მდგომარეობდა იმაშიც, რომ ვერ დავუშვით გენერალური ასამბლეის წარმართვისას საერთაშორისო სამდივნოსთან შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევა.

მეორე მიზეზი ასევე ადამიანური გახლავთ. არ წარმომიდგენია ნებისმიერ საქმეში ბევრი ვიყოთ და პასუხი მხოლოდ ერთმა აგოს. საქართველოში დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას გადადგომის თაობაზე ვერ დავტოვებდი ადამიანური სოლიდარობის გარეშე. საპარლამენტო თანამდებობა არ მეკავა, ამიტომ ვერ გადავდგებოდი. ჩემს ამომრჩეველს ბოდიში მოვუხადე და მანდატი დავთმე – ის რაც ხალხმა დროებით მომცა… სიმართლის დათმობას არ ვაპირებ!” – წერს სოციალურ ქსელში ქუცნაშვილი.

იტვირთბა....