“ჭიათურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე მაღაროელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს, აგინეს და შემდეგ დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.შემთხვევა მაღაროს ტერიტორიაზე მოხდა, რასაც სხვა დასაქმებულებიც შეესწრნენ. როგორც ჩანს დაშავებული დააშინეს, ის ძალადობის ფაქტს უარყოფს და შემთხვევას მცირე შეხლა-შემოხლად მოიხსენიებს, რის გამოც დააკავეს და გადაიყვანეს იზოლატორში. პოლიციური სახელმწიფო არის ეს და არაფერი სხვა, სადაც ძალოვნები მიდიან დასაქმების ადგილებზე, აყენებენ შეურაცხყოფას მუშებს, სცემენ, აგინებენ, იჭერენ და შემდეგ მასვე აიძულებენ ფაქტის უარყოფას!”
ირაკლი კუპრაძე, მემარცხენე აქტივისტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ. პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
“გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. ცდფ-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა – ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოშია გადაყვანილი.
გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.