ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, არ დაესწრო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.

სესიის გახსნას ასევე არ დაესწრებია უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციის წევრებიც.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.

“მიზეზები, რის გამოც რუსეთს შეუჩერდა წევრობა არ არის მოხსნილი და ამდენად მიგვაჩნია, რომ დასაბუთებას მოკლებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ ამიტომ, მხოლოდ პირველ სესიაზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას,”-აცხადებს თამარ ხულორდავა.

საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი კი ამბობს, რო, ეს პროტესტი უკავშირდება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიიღო.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებას არ ვაპირებთ. ამას არც ერთი ქვეყანა არ განიხილავს. წინა სესიაზე რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დელეგაცია მიმდინარე სესიაზე არ მონაწილეობს არანაირ საზეიმო ღონისძიებებსა და ასამბლეის სხდომაში. კოორდინაცია გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც, რომლებისთვისაც ჩვენს მსგავსად მიუღებელია რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

უკრაინის დელეგაციამ რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საერთოდ უარი თქვა ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიეს თქმით, ის რომ უკრაინის დელეგაცია ორგანიზაციის საშემოდგომო სესიას არ ესწრება, სამწუხარო ფაქტია.

„უკრაინის დელეგაციასთან თანამშრომლობა პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა ჩვენი ორგანიზაციის წევრია, მან უნდა ისარგებლობს ჩვენი უპირობო მხარდაჭერით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის საკითხში“, – განაცხადა პასკიემ.

იტვირთბა....