ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცქიტიშვილი – საქართველომ აჩვენა, რომ ყველაზე მიუღებელ მტერთანაც კი, მზად არის დიალოგისთვის

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას პრლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მზაობა რუსეთთან დიალოგისთვის, საქართველოს პარტნიორების მიერ მხარდაჭერილია.

“არ ვთვლი, რომ ფუნდამენტურ გარდატეხას შეიძლება პირველი შეხვედრით ელოდოს საზოგადოება, მაგრამ საქართველომ აჩვენა, რომ მზად არის დიალოგისთვის ყველაზე მიუღებელ მტერთანაც კი.

ჩვენი პარტნიორების რეაქციები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი, მზაობა დიალოგისთვის არის მხარდაჭერილი. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე არის. მან უნდა დაუმტკიცოს თანამედროვე საზოგადოებას, რომ ისიც არის საერთაშორისო თამაშის წესების მონაწილე. ეს არ ცვლის ჩვენს პოლიტიკურ შეფასებებს, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ეს არის მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის, მაგრამ ამ შეხვედრით ჩვენ შევქმენით კიდევ ერთი შანსი, რომ გარკვეულწილად გარღვევა მოხდეს და ამ მიმართულებით ცვლილებები დაიწყოს. ეს არ არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული პროცესი, ეს არის დიალოგის დაწყების, დიპლომატიური კომუნიკაციის დაწყების გზა, რომელმაც აუცილებლად შედეგი უნდა მოიტანოს. იქნება თუ არა შედეგი, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჩაჯდება რუსეთი საერთაშორისო კონტექსტში და საერთაშორისო აზრს გაითვალისწინებს. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე მოხდება დეოკუპაცია, ამის შედეგი უნდა იყოს ის, მეორე მხარე არის თუ არა მზად, კომპრომისებზე წავიდეს, კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას და რეალურად მოხდეს, ის რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა“,- აცხადებს ცქიტიშვილი.

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთამენთს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდნენ.

იტვირთბა....