“ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას ირაკლი აბესაძე ეხმაურება.
აბესაძეს მიაჩნია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება პოპულისტური და გაუგებარია.
„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ივანიშვილთან ბრძოლისას პროდასავლური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთი ფორმით თავს არ დაესხან. უნდა იყოს პოლემიკა და დებატი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის ეკონომიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ამ მიმართულებით ერთმანეთის გაკრიტიკება ლეგიტიმურად მიგვაჩნია. მაგრამ ისეთი, რბილად რომ ვთქვა, პოპულისტური და გაუგებარი შინაარსის პიროვნული თავდასხმა, როგორიც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, გაუგებარია და რა თქმა უნდა, აფუჭებს გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ბრძოლით უნდა დაამარცხონ ივანიშვილი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მიხელ სააკაშვილმა “მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.
“ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.