“მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
როგორც ორტაგუსი აღნიშნავს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს არალეგალური ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.
“ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას.
მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს არალეგალური ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ“, – აღნიშნულია მორგან ორტაგუსის განცხადებაში.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.