საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
“როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება, კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.