ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მშვიდობა არ იქნება” – კრემლი ტრამპი-ზელენსკის “პოლიტიკური ფლირტით” გაღიზიანებულია

კრემლი აშკარად ეჭვიანობს აშშ-უკრაინის პრეზიდენტების გამჟღავნებული “პოლიტიკური ფლირტის” შემდეგ. რუსეთში ექსპერტები თვლიან, რომ ამერიკულ პარტიათაშორისი დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებამდეც კი მივიდა, რუსულ ინტერესებზე მთლად კარგად ვერ აისახება. კრემლის რუპორები პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინის ახალგაზრდა პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში მოქცევა ტრამპსა და ზელენსკის კიდევ უფრო აახლოებს და მაღლა წევს გრადუსს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის საკითხის ნორმალიზებაზე და საბოლოოდ, დონბასის თემის მშვიდობიანად დასრულების პროცესზე.

კრემლი განსაკუთრებით აღშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ტექსტით, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან საუბრის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ქმედითი ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ, რაც სანქციებში უნდა გამოიხატოს. რუსული მხარის გაღიზიანების მიზეზი უფრო ის კი არ არის, რომ ზელენსკი ევროპის ქვეყნების ზურგშექცევის მთავარ მიზეზად რუსეთს აღიარებს, არამედ ის, რომ ამით აშშ-სა და უკრაინის კიდევ უფრო დაახლოება ხდება.

კრემლი ასევე გააღიზიანა ოფიციალური მინსკის პოზიციამაც. ლუკაშენკომ, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს შეხვდა, აშშ-ს შესთავაზა უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, ბელორუსი მშვიდობისმყოფელები შეიყვანოს. კრემლის მარიონეტები პირდაპირ წერენ, რომ ლუკაშენკომ ეს ინიციატივა რუსულ მხარესთან არ შეათანხმა. რუსულ პოზიციაში აშკარად მოჩანს პოლიტ-ელიტის გაღიზიანება, რომ ბელორუსებიც კი ცდილობენ მეგობრული ურთიერთობები დაიწყონ შეერთებულ შტატებთან. ეს კი ორმაგად აღიზიანებს კრემლს. აქედან გამომდინარე, რუსული მხარე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ აპირებს მინსკის შეთანხმებიდან გადახვევას და დონბასში კიევის სამხედრო კონტიგენტის ინტერესების გათვალისწინებას.

მოკლედ, კრემლი წუხს იმაზე, რომ ზელენსკის აშშ-ს ფაქტორში ამოტივტივება შესაძლოა პოზიტიურ ფაქტორად იქცეს უკრაინისთვის და ხელისშემშლელი აღმოჩნდეს რუსული მხარისთვის. დონბასის თემით ვაჭრობას კრემლი ისევ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ფაქტორით ასრულებს. კრემლთან დაახლოებული ექსპერტები თვლიან, რომ მთავარი განმსაზღვრელი ხაზი ევროპის ეს ქვეყნები იქნებიან, რომლებიც აუცილებლად გაითვალისწინებენ რუსულ ინტერესებს და თუკი ტრამპის იმპიჩმენტის თემა ზელენსკის პოზიციებს გაამაგრებს, მშვიდობა კარგა ხანი არ იქნება და საერთოდ, კრიზისში შეიყვანს დონბასში მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს.

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....