საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაზე ეკა ბესელიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის გარიგებები “ქართული ოცნებისა” და მით უფრო ბიძინა ივანიშვილის ხელწერა არ არის.
“ზოგადად არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ისეთი სურვილი, რომ ისეთი შეხვედრა ჩაატაროს, რომელიც ხვალ თქვენი შეკითხვის საგანი გახდება. გარდა ამისა, ეს არ არის პათოსი და ხელწერა “ქართული ოცნების” და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის, რომ რაღაც გარიგებებზეა საუბარი, განსაკუთრებით ქალბატონ ეკასთან”, — უთხრა ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს.
მმართველი პოლიტიკური გუნდის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ გუშინ, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა. ბესელიას მტკიცებით, ივანიშვილი სიიდან ხუთი მოსამართლის გაყვანას სთხოვდა. საუბარია უზენაესი მოსამართლეობის მოსამართლეთა კანდიდატთა 10-კაციან სიაზე, რომელიც 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. სწორედ ამ სიის გამო, ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა პარტია. საბოლოოდ, სია უკან გაიწვიეს.
დეპუტატის თქმით, ამავე შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრებას, თუმცა, მედიასთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.