6 000 წლით ადრე, ვიდრე ქრისტე წყალს ღვინოდ აქცევდა, თანამედროვე ქართველთა წინაპრები ამ სასმელს ყურძნისგან ქმნიდნენ. სწორედ ამ დიდი წარმოსახვის უნარის მქონე საპიენსებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს შეგვიძლია სიამოვნება მივიღოთ ფრანგული, იტალიური, ესპანური თუ ახალ ზელანდიური ღვინოებით, – ასე იწყებს CNN ქართული ღვინისადმი მიძღვნილ ვრცელ სტატიას და აქვე აღნიშნავს, რო დღეს ქართული ღვინო იმ სისტემისგან ასწლიანი იზოლაციისა და დესტრუქციისგან გათავისუფლებისა და “გამოჯანმრთელების” პროცესშია რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული მევენახეობა და ცუდი ღვინის წარმოების პრაქტიკა დაიწყო.
როგორც მედიასაშუალება წერს, დასავლეთ ვირჯინიის ზომის პატარა ქვეყანა მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა ღვინით და რადგან სსრკ ხარისხს რაოდენობას ამჯობინებდა, მაღალმოსავლიანი, წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელი შეინარჩუნეს და დიდი რაოდენობით, დაბალმოსავლიან, უძველეს ჯიშებს გუთნით გაანადგურეს – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღწერილია ყურძნის 563 ჯიში, კომუნისტები მხოლოდ 7 სახეობას აწარმოებდნენ.
CNN დასძენს, რომ კრემლის რაოდენობრივი დაკვეთის შესასრულებლად, ქვეყანამ ღვინოში წყლისა და შაქრის დამატების პრაქტიკა დაამკვიდრა.
როგორც ბარნოვების მარნის მესაკუთრე, ვახტანგ ბარნოვი აღნიშნავს, ყველამ იცის, რომ რუსი ყველაფერს დალევს.
“ჩვენ ძალიან ბევრი ტრადიცია დავკარგეთ, მანამდე მოსავალს სუსტი, პატარა ყურძნისგან ვათავისუფლებდით, დიდი ყურძენი კი უფრო დიდი და ძლიერი ხდებოდა, რაც მეტ სიტკობს სძენდა ღვინოს, კომუნისტებმა ეს ტრადიცია უგულებელყვეს და დიდ და პატარა ყურძენს ერთიანად იღებდნენ”, – უყვება ბარნოვი CNN-ს.
გამოცემის შეფასებით, 2006 წლის მარტი საქართველოსთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა და ერთ ღამეში აღმოფხვრა საექსპორტო ბაზრის 90 % – პუტინის მიზანი იყო საქართველოს დასჯა, მისი დასავლური მისწრაფებების გამო, თუმცა ქვეყანას მოუწია კარგი ღვინის წარმოება დაეწყო, რათა სხვა ქვეყნების ბაზარზე გასულიყო.
CNN-ს ესაუბრა მწერალი და ესეისტი, “ღვინის კლუბის” პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია და განაცხადა, რომ 2007 წლამდე, საქართველოში ქვევრის ღვინოს, პრაქტიკულად, აღარ აწარმოებდნენ.
“ეს დიდი ბიძგი იყო პატარა და დიდი ღვინის მწარმოებლებისთვის. 2007 წლამდე, საქართველოში, პრაქტიკულად, ქვევრის ღვინო აღარ არსებობდა, მისი წარმოება კომუნისტური ინდუსტრიალიზაციის დროს შეწყდა”, – თქვა ხარბედიამ.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ მაშინ როცა ქვევრის ღვინო ქართული ღვინის ბაზრის 3%-ს წარმოადგენს, მისდამი მიპყრობილი ყურადღების 100% სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის, ქართულ ღვინოზე დაწერილ ყველა ისტორიასა და სტატიაში სწორედ ქვევრია მოხსენიებული, მის გვერდით კი მოწინავეა ქარვისფერი ღვინო, რომლის წარმოების ტექნიკა თეთრი ღვინის დაწურვას კანის გაცლით გულისხმობს, რის შედეგადაც ღვინო უფრო კამკამა და ტანინიანი გამოდის.
“დასავლეთში ეს ახალი ტრენდია და ნარინჯისფერი ღვინო ეწოდება, თუმცა ქართველები ამ ტექნიკას ღვინის დაწურვის დასაწყისიდანვე იყენებენ. 500 ზე მეტი ძირძველი სახეობის ღვინოა საქართველოში, მათი უმეტესობა კი ახლა იწყებს აღდგენასა და ახალ სიცოცხლეს, კახეთი ღვინის უდიდესი საბადოა და საქართველოს ვენახების 60% სწორედ აქაა, შიდა ქართლი და ცენტრალური საქართველო უყურადღებოდ დარჩა, ღვინის საკითხში, მაშინ, როცა ერთ დროს, სწორედ აქ აწარმოებდნენ სახელგანთქმულ, მეფეთათვის განკუთვნილ ღვინოებს, თუმცა ეს ტრადიცია 19-ე საუკუნეში დასრულდა. დასავლეთ საქართველოში, იმერეთში უფრო რბილი კლიმატია, იქ ყურძენი მეტ მჟავიანობას შეიცავს და ღვინო კანთან კონტაქტის გარეშე იწურება, რაჭა საქართველოს პატარა მთიანი რეგიონი, ცნობილია თავის დახვეწილი ღვინით, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ყველაზე პატარა მწარმოებელია”, – გვიყვება CNN და მკითხველს 10 ქართულ საუკეთესო ღვინოს აცნობს. ესენია : საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინური – ჩინებული, შავკაპიტო, თავკვერი, ცოლიკაური, ციცქა, ხვანჭკარა, ოჯალეში.
მთავარი ფოტო – CNN, გადაღებულია მუხრანში
თარგმანი – თამთქა ქარქაშაძე – “მეტრონომი”