ქობულეთში, სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ “მონოპოლში” დემონტაჟისთვის აღსრულების ბიურო შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ობიექტის მეპატრონეები დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან და თვითდაზიანებით იმუქრებოდნენ, პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთი მეპატრონე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კაფე-ბარის მფლობელები ამბობენ, რომ დასაქმებული ყავთ ყველა სეზონზე 40-ზე მეტი ადამიანი, შენობის დემონტაჟით კი მილიონამდე ლარის ზარალს მიიღებენ: “ამ ადგილის გაყიდვა უნდა მერიას, ამიტომაც ანგრევენ ჩვენს კაფეს”.
აღსრულების ბიუროს, კაფე-ბარის დემონტაჟზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მიმართა. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული მეპატრონე, რომ საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, საქმიანობას უკანონოდ ეწეოდა და თავად დაეშალა შენობა. მერიაში ამბობენ, რომ მოთხოვნას არ დაემორჩილდნენ და ამის შემდეგ მიმართეს აღსრულების ბიუროს.