ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს იყო სამართლიანი” – მოსამართლეობის კანდიდატი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე

პარლამენტში სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა კანდიდატებს უსმენენ,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო.

“მოქალაქეობა არ არის ის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამიტომ სამართლიანი და კანონიერი ერთმანეთს ემთხვეოდა”, — განმარტავს გეწაძე.

ქართული ოცნების დეპუტატ დაჩი ბერაიას კითხვაზე, უზენაეს სასამართლოში გადასვლა რეპუტაციას ხომ არ შეულახავდა სასამართლოსა და ინსტიტუტს, “რადგან ივანიშვილის მოქალაქეობაზე გადაწყვეტილება 2012 წელს საზოგადოებამ უსამართლოდ მიიჩნია”, მოსამართლემ უპასუხა, რომ “არა”, და დეპუტატს მისი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი განუმარტა:

“ასეთი ვითარება იყო: მოსარჩელე ივანიშვილი და მოსარჩელე ეკა ხვედელიძე. ორივეს გააჩნდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მოსარჩელე ხვედელიძეს, ასევე, გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა. შემდეგ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მიენიჭებინა მათთვის საქართველოს მოქალაქეობა. ორივე მოსარჩელის შემთხვევაში, განაცხადში დაფიქსირდა, რომ ორივე არიან რუსეთის მოქალაქეები. პრეზიდენტმა მიანიჭა მოქალაქეობა ორივეს საგამონაკლისო წესით. წლების შემდეგ, 2011 წელს პრეზიდენტმა ორივეს შეუწყვიტა მოქალაქეობა. მოსარჩელე ივანიშვილს, იმ საფუძვლით რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მაშინდელი კონსტიტუციური კანონით და ასევე, ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ, სადაც ეწერა, თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა” – განაცხადა გეწაძემ.

მოსამართლე გეწაძემ განიხილა ბიძინა ივანიშვილისა და ეკა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე.

მოსამართლე შოთა გეწაძემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მხოლოდ ეკა ხვედელიძეს უნდა აღუდგეს მოქალაქეობა. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ბრძანებულება ძალაში დარჩა. ივანიშვილისა და მისი ცოლის ადვოკატები მაშინ აცხადებდნენ, რომ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილების წაკითხვისას, მოსამართლე სასამართლო დარბაზში ჩამწერ მოწყობილობას თიშავდა.

იტვირთბა....