ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მდინარაძე – ძალიან არ მომწონს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხი ცოტა სხვა კატეგორიაა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულების შეწყალებას “ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას” უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, “დისკუსია უკვე გახსნილია”.

“ფაქტია, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო ბოლოს პრეზიდენტმა, ეს დისკუსია უკვე გახსნილია. ამაზე ვიმსჯელებთ ნებისმიერ შემთხვევაში, გავითვალისწინებთ ყველას აზრს, განსაკუთრებით ამ საქმის კარგად მცოდნე იურისტების, ჩვენ ჩვენი აზრი გვექნება. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, თუ საკანონმდებლო რეგულაციები არა, მაშინ რაღაც პრაქტიკა უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იქნება ან შესაძლებელია, ვიფიქროთ იმაზეც, ასეთი შეზღუდვები საპარლამენტო დონეზე შეიქმნას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე, რომელიც შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, პასუხობს, რომ იმპიჩმენტს თავისი კონსტიტუციური საფუძვლები გააჩნია.

„იმპიჩმენტს აქვს თავისი კონსტიტუციური საფუძვლები, მიუხედავად იმისა, რომ მეც ძალიან არ მომწონს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, ასე მარტივად იმპიჩმენტზე საკითხი არ დაისმება ხოლმე. იმპიჩმენტის საკითხი ცოტა სხვა კატეგორიაა. საფრთხილოა, კონსტიტუციაში წერია მისი საფუძვლები და ამ საფუძვლების სხვანაირად ინტერპრეტირება არ შეიძლება, თუმცა ვინ როგორ განმარტავს, ამას შესაძლოა, კამათი მოჰყვეს“, – ამბობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული, მათ შორის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.

იტვირთბა....