პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებს აფასებს. არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებში სამმაგი სტანდარტი იკვეთება.
„როდესაც ექსპრეზიდენტმა, სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი არანაირი წუხილებით არ გამოსულა. შემდეგ, როდესაც ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება“ მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე. დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაუყონებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ეს არის სამმაგი სტანდარტი, თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადამიანებს, ვინც სამ სხვადასხვა შემთხვევაში, სამჯერ სხვადასხვანაირად საუბრობდნენ, არ მიუჩენს თავის ადგილს საზოგადოებასა და პოლიტიკაში, მაშინ ძალიან რთული იქნება სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, სამჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა თანმიმდევრული პოზიცია და ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ არათანმიმდევრული, სამივეჯერ განსხვავებული პოზიცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული, მათ შორის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.