“ევროპული საქართველოს” დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობას “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკისრებს.
“მთელი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან მათ დასვეს ზურაბიშვილი ამ სკამზე. ის თავს არ გრძნობს ანგარიშვალდებულად ხალხის მიმართ, ის ანგარიშვალდებულად გრძნობს თავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შესაბამისად, მთლიანად ბიძინა ივანიშვილზეა ეს პასუხისმგებლობა“, – ამბობს ირმა ნადირაშვილი, რომლის თქმითაც, შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ცდილობენ, მომხდარი ერთმანეთს გადააბრალონ.
“ვხედავთ, რომ ე.წ. პინგ-პონგს თამაშობენ, მაგალითად, გუშინ მოსული იყო დიმიტრი გაბუნია და ხელი გაიშვირა ადმინისტრაციის უფროსისკენ და დეპარტამენტის უფროსისკენ და თქვა, რომ საერთოდ არ მოსწონს რაც ადმინისტრაციაში ხდება, მაგრამ არ გადადგა. თუ არ მომწონს, როგორც იქცევა პრეზიდენტი, მაშინ ვიტყვი, რომ ჩემს სამსახურში ჩემი ადგილი არ არის. აქ ცდილობენ, რომ ერთმანეთს გადააბრალონ, ამბობენ, რომ ეს არ მოსწონთ, ის არ მოსწონთ, მაგრამ ყველა ახალ შეწყალებაზე ახალი სკანდალი ხდება”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული, მათ შორის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.