მეშახტეებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაცია ავრცელებს. აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცესი ადმინისტრაციის შენობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
მეშახტეები, რომლებიც მიმდინარე თვის ხელფასების ანაზღაურებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.
როგორც კომპანია „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აღნიშნავს, კომპანიას ხელფასების ჩარიცხვის ვადა 15 სექტემბრიდან 27 რიცხვამდე აქვს. მისი თქმითმი, ჩარიცხვა დაგვიანებული არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის მანძილზე შეწყვეტილია მადნეულის მოპოვების პროცესი, კომპანია 11 თვის მანძილზე დაგვიანების გარეშე ურიცხავდა ანაზღაურებას, რაშიც კომპანიას ეხმარებოდა „ჯიაიჯი“ ჯგუფი. მიმდინარე თვეში კი პრობლემები შეგვექმნა ფინანსებთან დაკავშირებით, ამიტომ მიმდინარეობს სამუშაოები თანხის მოძიებისთვის. 30 სექტემბერს გვეცოდინება, როდის დავარიგებთ თანხას“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.
შეგახსენებთ, რომ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასებსა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ მიიღებენ.