საქართველოდან აზერბაიჯანის ციხეში გაურკვევლად აღმოჩენილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა პრესასთან აცხადებს, რომ მისმა ქმარმა, რომელიც კარცერში გადაიყვანეს, შიმშილობა გამოაცხადა.
როგორც ირკვევა, შიმშილობის დაწყების მიზეზი პატიმართან შესულ ადვოკატზე, ნემატ კერიმლიზე ზეწოლაა. ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად ადვოკატიც.
მუხთარლის განცხადებით, მისი შიმშილობის დაწყების მიზეზი მხოლოდ ადვოკატზე ზეწოლა არ არის. როგორც ის ამბობს, პატიმრებზე საშინელი ძალადობა ხორციელდება.
“ის ავადმყოფობა, რაც ჩემს მეუღლეს აქვს, საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის. მისი კომაში ჩავარდნის ალბათობა დიდია. ადვოკატმა მოინახულა ის და, როგორც ირკვევა აფგანი კარვერშია გადაყვანილი” – აცხადებს მუსტაფაევა.
მისი თქმით, მან უკვე მიმართა ევროსასამართლოს და საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე.
“თუკი ჩემ ქმარს რამე მოუვა, პირველ რიგში პასუხი უნდა აგოს საქართველოს ხელისუფლებამ, რადგან ზუსტად საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა უკანონოდ დააკავეს და ძალით გადაიყვანეს ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მთავრობასთან შეთანხმებით და მათი დავალებით” – ამბობს ჟურნალისტის მეუღლე.
შეგახსენებთ, 2017 წლის მაისში აფგან მუხთარლი საქართველოში დააკავეს და როგორ აღმოჩნდა ის აზერბაიჯანის ციხეში, ჯერჯერობით არავინ იცის. 2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის სასამართლომ მას, კონტრაბანდის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ჟურნალისტის ცოლი აცხადებს, საქართველოში ამ საქმეზე გამოძიება დღემდე დუმს და უფრო მეტიც, დაკარგულის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც უნდა გაირკვეს, თუ როგორ მოხდა მისი მეუღლის დაკავება და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანა.