ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ზარდიაშვილი – პრეზიდენტის ინსტიტუციას გააჩნია ვალდებულება, გამოძიებას გასცეს ყველანაირი პასუხი

“თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, რომ პრეზიდენტი უნდა მივიდეს საგამოძიებო ორგანოში, მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციას გააჩნია ვალდებულება, გამოძიებას გასცეს ყველანაირი პასუხი”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის მიერ მკვლელობებსა და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი დაინტერესებულია, მიიღოს პასუხები შეკითხვებზე, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სალომე ზურაბიშვილმა, მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულ პირთა შესაწყალებელთა სიაში მოხვედრისას.

„მმართველმა გუნდმა, არაერთხელ დასვა კითხვები, არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს კითხვებზე პასუხი, თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ქალბატონმა სალომემ, როდესაც შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ პოლიციიის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები, ნარკორეალიზატორები. შესაბამისად, ჩვენ ამ კითხვებზე გვჭირდება პასუხები. მე არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე. დავსვი საკითხი, თუ ქალბატონი სალომე ვინმემ შეიყვანა შეცდომაში, მან უნდა თქვას ეს, მაგრამ, როგორც ირკვევა მისი ინტერვიუდან, იგი სრულად იღებს პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, წინასწარ რაღაც სახელებსა და გვარებზე საუბარი, არ მიმაჩნია სწორად. რაც შეეხება პროკურატურის საკითხს, თუ გაჩნდება რაიმე რისკი ან კითხვის ნიშნები, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, პროკურატურა არ მოერიდება და ჩაერევა ამ საკითხში. ეს არის სამართალწარმოების პროცესი”, – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

პრეზიდენტმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი, მათ შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულიც შეიწყალა.

იტვირთბა....