საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ მკვლელობებსა და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხზე არსებულ შეკითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს.
„ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა როგორც თქვენ, ასევე მეც უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, რათა იმ კითხვებს, რაც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, გაეცეს პასუხები. ამ კითხვებს პასუხებს გასცემს გამოძიება, შესაბამისად დღეს ამ თემაზე დამატებითი კომენტარი ან ნაადრევი, ან უადგილო იქნებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელმაც ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პატიმრების შეწყალების პრიცესში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე, დაიბარებენ თუ არა დიმიტრი გაბუნიას დაკითხვაზე, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა:
„ამის შესახებ ყველაზე მეტი გამომძიებელმა იცის. შეწყალების სიაში არის არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260-ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. ზოგადი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის“.
მსჯავრდებულების შეწყალების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა დღეს თავად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. როგორც დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, პატიმრების შეწყალების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი, მათ შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, ზურაბიშვილმა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულიც შეიწყალა.